Thumbnail

მარსზე, შესაძლოა, სიცოცხლის არსებობა დადასტურდეს

ნინო გიორგობიანი

მეცნიერთა ჯგუფი ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრობიოლოგის, დირკ შულცე-მაკუჩის ხელმძღვანელობით აცხადებს, რომ მარსმავალ Curiosity-ს მიერ აღმოჩენილი ტიოფენის მოლეკულები, შესაძლოა, წითელ პლანეტაზე წარსულში სიცოცხლის არსებობაზე მიუთითებდეს. გამოცემაში Astrobiology გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მარსის ნიადაგში ამ ორგანული ნაერთის წარმოშობა, სავარაუდოდ, პლანეტაზე სამი მილიარდი წლის წინ მცხოვრებ ბაქტერიებს უკავშირდება. 

► მარსზე მიწისძვრების არსებობა საბოლოოდ დადასტურდა

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მარსმავალმა ტიოფენის მოლეკულები გეილის კრატერის შესწავლისას აღმოაჩინა. ეს ნაერთი ცოცხალი ორგანიზმებისთვის დამახასიათებელი კომპონენტებისგან - ნახშირბადისა და გოგირდისგანაა შედგენილი და დედამიწაზე ქვანახშირში, ნედლ ნავთობსა და თეთრ ტრუფელში გვხვდება. ჩვენს პლანეტაზე ის ძირითადად ბიოლოგიური წარმოშობისაა. მარსზე დაფიქსირებულ ნიმუშებზე იმავეს დაზუსტებით თქმა ჯერჯერობით არ შეგვიძლია, თუმცა, ასტრობიოლოგები ამის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ.

მარსმავალი Curiosity, რომელმაც ტიოფენის მოლეკულები აღმოაჩინა. ფოტო: NASA

მეცნიერები ასევე არ გამორიცხავენ, რომ მარსზე ტიოფენის მოლეკულების წარმოშობა არაბიოლოგიურ პროცესებს უკავშირდებოდეს. ერთ-ერთი ვერსიით, ამის მიზეზი, შესაძლოა, მეტეორიტებთან შეჯახება იყოს, რამაც სულფატების მაღალ ტემპერატურაზე გახურება გამოიწვია.

► NASA-მ მარსის მაღალი გარჩევადობის პანორამული ფოტო გამოაქვეყნა

ვარაუდების დასამტკიცებლად მკვლევარებს ჯერჯერობით საკმარისი მონაცემები არ აქვთ.
შესწავლისას Curiosity ნიმუშებს ანაწევრებს, რაც სრული სურათის დანახვას ართულებს. მიმდინარე წლის ივლისში წითელ პლანეტაზე ახალი მარსმავალის, Rosalind Franklin-ის გაგზავნა იგეგმება. ის ორგანული მოლეკულების ანალიზატორით МОМА იქნება აღჭურვილი, რომელიც უფრო მსხვილი მოლეკულების შეგროვებისა და, შესაბამისად, მათი უკეთ შესწავლის საშუალებას იძლევა. 

კომენტარები

ბოლო ამბები