Thumbnail

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა

  • პანდემია ეწოდება მასშტაბურ ეპიდემიას, რომლის დროსაც ესა თუ ის გადამდები დაავადება ვრცელ რეგიონში, რამდენიმე ქვეყანაში ან მთელ მსოფლიოში ვრცელდება. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაავადება COVID-19-ის პანდემია გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 122 ათასი, ხოლო გარდაცვალების 4300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. 

"ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 13-ჯერ გაიზარდა. გასამმაგებულია იმ ქვეყნების რაოდენობაც, რომლებშიც დაავადება დაფიქსირდა. უახლოეს მომავალში ჩვენ ველით, რომ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. მოიმატებს იმ ქვეყნების რაოდენობაც, სადაც ვირუსი გავრცელდება. აქედან გამომდინარე, შექმნილ ვითარებას შეიძლება, პანდემია ვუწოდოთ", - განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.  

მისივე თქმით, პანდემიის გამოცხადებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის საფრთხის შეფასებასა და ქვეყნების მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებში ცვლილებები არ შეაქვს. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს გებრეიესუსი.

COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა. მისი ადრეული სიმპტომები სიცხე, ხველება და გართულებული სუნთქვაა. ვირუსის საინკუბაციო პერიოდი 2-დან 14 დღემდეა, რაც პათოგენთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს. 11-მილიონიან უხანში კარანტინია გამოცხადებული. ქალაქის ქუჩებს დეზინფექცია უტარდება. თითოეული მაცხოვრებელი ვალდებულია, ჯანდაცვის სამსახურებს საკუთარი სხეულის ტემპერატურის შესახებ ყოველდღიური ანგარიში ჩააბაროს. ჩინეთის ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრი კლება აღინიშნება.

► მუტაციის შედეგად კორონავირუსის ორი ტიპი ჩამოყალიბდა

ჩინეთის საზღვრებს გარეთ პანდემიის ყველაზე დიდი კერები სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაშია. ეს უკანასკნელი ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია. მას შემდეგ, რაც იქ ინფიცირებულთა რიცხვმა 9 ათასს გადააჭარბა და 450-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიმოსვლა შეზღუდა და იტალიის 60 მილიონი მოქალაქე კარანტინში მოათავსა. ჩაიკეტა საზღვრები, დაიხურა სასწავლო დაწესებულებები, მუზეუმები და კინოთეატრები. გაუქმდა კონცერტები და შეჩერდა საფეხბურთო ჩემპიონატი.

11 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 24 ადამიანია ინფიცირებული. კარანტინის რეჟიმში 298, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 46 მოქალაქე რჩება. 

კომენტარები

ბოლო ამბები