Thumbnail

ქარვაში ყველაზე პატარა დინოზავრის თავის ქალა აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩრდილოეთ მიანმარის ტერიტორიაზე 99 მილიონი წლის ასაკის ქარვის ნატეხში ჩიტის მსგავსი დინოზავრის თავის ქალა აღმოაჩინეს, რომლის ზომაც სულ რაღაც 7.1 მილიმეტრია. ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის პალეონტოლოგიისა და პალეოანთროპოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარებმა კომპიუტერული გრაფიკის მეშვეობით ნამარხი ცხოველის სავარაუდო გარეგნობა აღადგინეს და აქამდე უცნობ სახეობას Oculudentavis khaungraae უწოდეს.

ოკულუდენტავისს კოლიბრის მსგავსი ნისკარტი ჰქონდა, თუმცა, ამ მინიატურული ფრინველისგან განსხვავებით, მეზოზოური ეპოქის არსების პირი ასამდე პატარა ბასრი კბილით იყო სავსე. მეცნიერთა ყურადღება ასევე მისმა უჩვეულოდ დიდმა თვალებმა მიიპყრო, რომლის გუგებიც ძალზე ცოტა სინათლეს ატარებდნენ. მათი აზრით, ცხოველი დღის შუქზე ნადირობდა და, სავარაუდოდ, უხერხემლოებითა და მწერებით იკვებებოდა. ოკულუდენტავისის სხეულის სიგრძე დაახლოებით 5 სანტიმეტრი, წონა 2 გრამამდე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ამ დროისთვის ცნობილი ყველაზე პატარა დინოზავრია.

მეცნიერთა აზრით, ასე გამოიყურებოდა ყველაზე პატარა ზომის დინოზავრი Oculudentavis khaungraae. ფოტო: Han Zhixin

აღსანიშნავია, რომ ოკულუდენტავისი იმავე ეპოქაში ბინადრობდა, რომელშიც უზარმაზარი დინოზავრები და უნიკალურ ეკოლოგიურ ნიშას იკავებდა. მისი ანალოგი დღეს არ არსებობს, ვინაიდან თანამედროვე რეპტილიები არ დაფრინავენ, ხოლო კოლიბრის ზომის ჩიტებს კბილები არ აქვთ და ნექტრით იკვებებიან. 

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ დინოზავრის უჩვეულოდ პატარა ზომა იზოლირებულ ტერიტორიაზე ბინადრობის შედეგია, რამაც განსხვავებული ანატომიური მახასიათებლების წარმოქმნას შეუწყო ხელი. მათი აზრით, ეს სახეობა შესაძლოა, დინოზავრებისა და ფრინველების დამაკავშირებელი ერთ-ერთი რგოლი იყოს და მისმა შესწავლამ ევოლუციის აქამდე უცნობ დეტალებს მოჰფინოს ნათელი.

კომენტარები

ბოლო ამბები