Thumbnail

აღმოაჩინეს პლანეტა, რომელზეც წვიმა თხევადი რკინის სახით მოდის

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

მეცნიერთა ჯგუფმა ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორის, დევიდ ერენრაიხის ხელმძღვანელობით, სამხრეთ ნახევარსფეროში ასტრონომიული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (ESO) კუთვნილი ტელესკოპით გიგანტური ეგზოპლანეტა WASP-76b-ის შესწავლისას დაადგინა, რომ იქ წვიმა თხევადი რკინის სახით მოდის. 

"შეიძლება ითქვას, რომ ამ პლანეტაზე წვიმიანი საღამოები იცის, ოღონდ წვიმა იქ რკინისაა", - ამბობს დევიდ ერენრაიხი.

2013 წელს აღმოჩენილი ციური სხეული თევზების თანავარსკვლავედში მდებარეობს და ჩვენგან 640 სინათლის წლითაა დაშორებული. მას სხვა ეგზოპლანეტებისგან ექსტრემალური კლიმატური პირობები და საინტერესო ქიმიური შემადგენლობა გამოარჩევს. კოსმოსური ობიექტი თავისი ვარსკვლავისგან ძალზე მცირე მანძილითაა დაშორებული და მისი ერთი მხარე ყოველთვის მნათობისკენაა მიმართული. აქედან გამომდინარე, პლანეტის ერთ ნაწილში მუდმივი დღეა, მეორეში კი - დაუსრულებელი ღამე.

სამხრეთ ნახევარსფეროში ასტრონომიული კვლევების ევროპული ორგანიზაციის ობსერვატორია ჩილეში. ფოტო: ESO

WASP-76b-ის ნათელი მხარე იმდენად გახურებულია, რომ იქ ტემპერატურა 2400 °C-ს აღწევს, რის გამოც პლანეტაზე არსებული რკინა ორთქლად იქცევა. ციური სხეულის ბნელ მხარეზე, წესით, სიცივე უნდა იყოს, თუმცა, იქ ნათელი მხრიდან ძლიერი ქარი უბერავს, რომელიც 1500 °C-მდე ტემპერატურას უზრუნველყოფს. ამ ქარს სითბოსთან ერთად რკინის ორთქლიც გადააქვს, რომელიც პლანეტის ბნელ მხარეზე მოხვედრის შემდეგ კონდენსირდება, თხევად მდგომარეობაში გადადის და წვიმის სახით მოდის.

► დედამიწის ორბიტაზე კიდევ ერთი მთვარე აღმოაჩინეს

ასტრონომებმა ეს მოვლენა ჩილეში, ატაკამის უდაბნოში მდებარე ტელესკოპის დახმარებითა და უახლესი სპექტროგრაფით ESPRESSO შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ამ ხელსაწყოს გამოყენება არა მხოლოდ ეგზოპლანეტების აღმოსაჩენად, არამედ მათი ატმოსფეროს საკვლევადაცაა შესაძლებელი. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მისი საშუალებით სხვა ციური სხეულების შესახებაც არაერთ საინტერესო სიახლეს შეიტყობენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები