Thumbnail

იაპონურმა კომპანიამ გეიმერებისთვის სპეციალური საწოლი შექმნა

ნინო გიორგობიანი

ავეჯის მწარმოებელმა იაპონურმა კომპანიამ Bauhutte კომპიუტერული თამაშების თავგადაკლული მოყვარულებისთვის საოცნებო საწოლი შექმნა, რომელიც ყველა საჭირო მოწყობილობითა თუ აქსესუარითაა აღჭურვილი. 

"მე ვიღვიძებ და ლოგინიდან მაგიდასთან ვინაცვლებ. რა საჭიროა ეს სირთულეები? გეიმერებისთვის განკუთვნილი საწოლი ამ პრობლემის გადაწყვეტაში დაგეხმარებათ", - ვკითხულობთ კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ სარეკლამო განცხადებაში. 

საწოლი მოხერხებული ლეიბით, საბნით, პუფით ან უზარმაზარი ბალიშით, საკვებისა და სასმლისთვის განკუთვნილი თაროებით, სასუსნავის დასადები ურიკით, გაჯეტებისა და პერიფერიული მოწყობილობებისთვის გამიზნული ნიშებითაა დაკომპლექტებული. აქვეა სმარტფონის სამაგრი, ორი დიდი მონიტორი, კლავიატურა, დინამიკები და ყველა სხვა საჭირო აქსესუარი. აღსანიშნავია ისიც, რომ საწოლს მოჰყვება თეთრეული და პიჟამო კაპიუშონით, რომელიც გეიმერის სრულ კომფორტს უზრუნველყოფს.

კომპანია Bauhutte-ის მიერ გეიმერებისთვის შექმნილი საწოლი

ფოტო: Bauhutte

კომპანია Bauhutte-ის მიერ გეიმერებისთვის შექმნილი საწოლი

ფოტო: Bauhutte

ინოვაციური ავეჯი, რომლის ღირებულებაც კომპლექტაციიდან გამომდინარე 600-დან 1200 აშშ დოლარამდე მერყეობს, გეიმერებს შეუსვენებლად თამაშის საშუალებას აძლევს. მათ ადგომა მხოლოდ საპირფარეშოში წასასვლელად დასჭირდებათ, რადგან საწოლი სანიტარული კვანძით ჯერჯერობით აღჭურვილი არაა. ავეჯის დიზაინი ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზეა გათვლილი და ისეთი ადამიანების საჭიროებებსაც ითვალისწინებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოძრაობა უჭირთ.

გეიმერების გარდა, Bauhutte-ის საწოლი კორონავირუსის პანდემიის გამო კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებსაც გამოადგებათ. ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად არაერთმა კომპანიამ საკუთარ თანამშრომლებს სახლიდან მუშაობა სთხოვა, საგანმანათლებლო დაწესებულებათა ნაწილი კი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები