Thumbnail

როდის უნდა ველოდოთ კორონავირუსის პანდემიის დასრულებას

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის სპეციალური საექსპერტო კომისიის  ხელმძღვანელმა, ეპიდემიოლოგმა და რესპირატორული დაავადებების სპეციალისტმა, ჩჟუნ ნანშანმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას კორონავირუსის პანდემიის დასრულების სავარაუდო ვადების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ეს მიმდინარე წლის ივნისისთვისაა მოსალოდნელი.

► მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა

ჩჟუნ ნანშანმა კოლეგებთან ერთად მსოფლიოს კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად გატარებული ღონისძიებების, მკურნალობის თავისებურებებისა და ექიმების მიერ გადატანილი სირთულეების შესახებ ინფორმაცია გააცნო. ექსპერტმა აღნიშნა, რომ მისი პროგნოზი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამართლდება, თუ სახელმწიფოები ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ყველა საჭირო ზომას მიმართავენ. ის ქვეყნებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებისაკენ მოუწოდებს.

"ზოგიერთი ქვეყნის მიერ პანდემიისგან მიყენებული ზიანის უყურადღებოდ დატოვებისა და ამ პროცესში ჩაურევლობის შემთხვევაში, დაავადებამ, შესაძლოა, უფრო დიდხანს გასტანოს. თუმცა, როგორც წესი, ზაფხულში, როდესაც ჰაერის ტემპერატურა შედარებით მაღალია, ვირუსი ნაკლებად აქტიურია", - განაცხადა ჩჟუნ ნანშანმა.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის სპეციალური საექსპერტო კომისიის ხელმძღვანელი, ჩჟუნ ნანშანი. ფოტო: Deng Hua

ჩინეთის სასუნთქი გზების დაავადებათა კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, 83 წლის ჩჟუნ ნანშანმა სახელი მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS) წინააღმდეგ ბრძოლით გაითქვა. მანვე იწინასწარმეტყველა, რომ ახალი კორონავირუსის ეპიდემია ჩინეთში პიკს თებერვლის თვეში მიაღწევდა, ხოლო აპრილის ბოლოსთვის ვითარების სტაბილიზაცია დაიწყებოდა.   

მუტაციის შედეგად კორონავირუსის ორი ტიპი ჩამოყალიბდა

ოფიციალური ინფორმაციით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა. მისი ადრეული სიმპტომები სიცხე, ხველება და გართულებული სუნთქვაა. დაავადების საინკუბაციო პერიოდი 2-დან 14 დღემდეა, რაც მასთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს.

ჩინეთში 80 ათასზე მეტი ადამიანის დაავადების შემდეგ, ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება აღინიშნება. მის საზღვრებს გარეთ პანდემიის ყველაზე დიდი კერები ირანსა და იტალიაშია. ეს უკანასკნელი ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიმოსვლა შეზღუდა და 60 მილიონი მოქალაქე კარანტინში მოათავსა.

დაავადებულთა რიცხვი დიდია ასევე სამხრეთ კორეაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. სულ მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 150 ათასამდე შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 5400-ს აჭარბებს.

კომენტარები

ბოლო ამბები