Thumbnail

სამხ. კორეაში კორონავირუსზე შემოწმება მანქანიდან გადმოუსვლელადაა შესაძლებელი

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

COVID-19-გავრცელების პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებების ფარგლებში მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში სპეციალიზებული სამედიცინო პუნქტები გაიხსნა, სადაც კორონავირუსზე შემოწმება ავტომანქანიდან გადმოსვლის გარეშეა შესაძლებელი. ჯანდაცვის სამსახურებმა ინსპირაცია სწრაფი კვების ობიექტებიდან აიღეს, რომლებიც კლიენტებს უკვე ბევრი წელია, მსგავს მომსახურებას სთავაზობენ.

► როდის უნდა ველოდოთ კორონავირუსის პანდემიის დასრულებას

პირველი ასეთი დაწესებულება თებერვლის ბოლოს სამხრეთ კორეის ქალაქ კოიანში ამოქმედდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც პანდემიის მასშტაბები საგრძნობლად გაიზარდა, ანალოგიური პუნქტების გახსნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაშიც გადაწყვიტეს.

"ამგვარი პუნქტები ადამიანებს შორის კონტაქტის შემცირების საშუალებას იძლევა. დახურულ სივრცეში მდებარე მსგავს დაწესებულებებში კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს რიგში მდგომი სხვა პირების ინფიცირება შეუძლიათ", - აცხადებს ქალაქ კოიანის მერი, ლი ჯაე-ჯუნი. 

სამხრეთ კორეაში კორონავირუსზე შემოწმება ავტომანქანიდან გადმოუსვლელადაა შესაძლებელი. ფოტო: Jung Yeon-je 

შემოწმების გავლის მსურველებს დამცავ კოსტიუმებში გამოწყობილი ექიმები მანქანაშივე ემსახურებიან. ისინი ვიზიტორებს მგზავრობის მარშრუტისა და დაავადების სიმპტომების შესახებ კითხვებს უსვამენ, რისკის ჯგუფში მყოფ მოქალაქეებს კი ტესტირებას უტარებენ. გამოკვლევის პასუხი მათ სამი დღის შემდეგ სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით მისდით. 

სამხრეთ კორეაში მდებარე მსგავს დაწესებულებებში გამოკვლევა უკვე ათასობით მოქალაქეს ჩაუტარდა და მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება. ავტომანქანიდან გადმოუსვლელად შემოწმება ასევე აშშ-ის კოლორადოს, კონექტიკუტის, ვაშინგტონისა და ჰავაის შტატებშია შესაძლებელი. თითოეულ ასეთ პუნქტში სამედიცინო პერსონალი ყოველდღიურად 50-მდე ადამიანს ემსახურება. მათ მხოლოდ ექიმის მიმართვისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა მოეთხოვებათ. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, იქ პირველი ასეთი დაწესებულება შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში გააიხსნა. ვარაუდობენ, რომ მალე მას გაერთიანებული სამეფოს სხვა ქალაქებიც შეუერთდება. 

► COVID-19-ით დაავადების პირველი შემთხვევა ჩინეთში 17 ნოემბრით თარიღდება

ოფიციალური ინფორმაციით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა. მისი ადრეული სიმპტომები სიცხე, ხველება და გართულებული სუნთქვაა. დაავადების საინკუბაციო პერიოდი 1-დან 24 დღემდეა, რაც მასთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს.

ჩინეთში 80 ათასზე მეტი ადამიანის დაავადების შემდეგ, ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება აღინიშნება. მის საზღვრებს გარეთ პანდემიის ყველაზე დიდი კერები ირანსა და იტალიაშია. ეს უკანასკნელი ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიმოსვლა შეზღუდა და 60 მილიონი მოქალაქე კარანტინში მოათავსა.

დაავადებულთა რიცხვი დიდია ასევე სამხრეთ კორეაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. სულ მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 170 ათას შემთხვევამდეა რეგისტრირებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 6 ათასს აჭარბებს.

კომენტარები

ბოლო ამბები