Thumbnail

ნიუეს კუნძული ღამის ცის პირველ სახელმწიფოდ აღიარეს

ნინო გიორგობიანი

ღამის ცის საერთაშორისო ასოციაციამ (IDA), რომლის მთავარ მიზანს ხელოვნური განათების უარყოფითი ზემოქმედებისგან გარემოს დაცვა წარმოადგენს, წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე ნიუეს კუნძული ღამის ცის სახელმწიფოდ აღიარა.

ახალი ზელანდიის ჩრდილოეთით მდებარე კუნძული, რომლის მოსახლეობაც 1600 ადამიანს შეადგენს, ამ საპატიო წოდების მფლობელი პირველი ქვეყანაა. ღამის ცის საერთაშორისო ასოციაცია მხოლოდ იმ ადგილებს აღიარებს, სადაც ღამის ბუნებრივი გარემო მაქსიმალურადაა შენარჩუნებული. აქამდე ასეთი ობიექტების სიაში 130-მდე მცირე ზომის დასახლება, ნაკრძალი თუ პარკი შედიოდა, თუმცა, ახლა მათ რიცხვს უკვე სახელმწიფოც შეემატა.

ღამის ცა ნიუეს კუნძულზე. ფოტო: Jopoy Solano

1988 წელს დაარსებულ ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ხელოვნური სინათლე ზიანს არა მხოლოდ ფლორასა და ფაუნას, არამედ ადამიანების ჯანმრთელობასაც აყენებს. ამის გარდა, მეცნიერები აცხადებენ, რომ ღამით ქალაქების არაბუნებრივი განათების გამო, დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ვარსკვლავებს ვეღარ ხედავს. 

ღამის ცის სახელმწიფოს ტიტულის მოსაპოვებლად ნიუეზე საგანგებო ღონისძიებები გატარდა, რომელთა შორის ქუჩებისა და სახლების განათების შეცვლა იყო. ინიციატივა ქვეყნის ტურიზმის საგენტოს ეკუთვნოდა. ოფიციალური პირების განცხადებით, კუნძულის მოსახლეობა ღამის ცას საუკუნეების განმავლობაში აკვირდებოდა, ამიტომ მათი ვალი ამ ტრადიციის შენარჩუნება და შთამომავლობისთვის გადაცემა იყო. ნიუეს ხელისუფლება ქვეყანაში ჩასულ ვიზიტორებს შთამბეჭდავ ასტროტურებსა და თვალწარმტაც სანახაობას პირდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები