Thumbnail

ნახეთ: კორონავირუსის გამო დამშეული მაიმუნები ტაილანდის ქუჩებში

სოციალურ ქსელსა და მედიაში ტაილანდში გადაღებული კადრები გავრცელდა, რომლებშიც ქალაქ ლოპბურის ქუჩებს შესეული ასობით მშიერი მაიმუნია ასახული. 

ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ისტორიულ დასახლებას ყოველთვის უამრავი ტურისტი სტუმრობს, რომლებიც პრანგ სამ იოდის ტაძარში მობინადრე მაიმუნებს ხილითა და სხვადასხვაგვარი სასუსნავით უმასპინძლდებიან. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, უცხოელი ვიზიტორების რიცხვი ტაილანდში მკვეთრად შემცირდა, რამაც პრიმატები აიძულა, საკვების მოპოვებაზე თავად ეზრუნათ. 

Posted by Sasaluk Rattanachai on სამშაბათი, 10 მარტი, 2020

"ისინი ველური ძაღლების ხროვას უფრო ჰგავდნენ, ვიდრე მაიმუნებს. გიჟებივით დაეძებდნენ საჭმელს. ასეთი აგრესიულები არასდროს მინახავს. ვფიქრობ, მაიმუნებს ძალიან მოშივდათ. ლოპბურში ყოველთვის ბევრი ტურისტია და მათაც საკვების პრობლემა არასდროს შექმნიათ, მაგრამ კორონავირუსის გამო, ახლა აქ არავინ არ არის", - ჰყვება სასალუკ რატანაჩაი, რომლის ვიდეომაც ფეისბუქზე მილიონამდე ნახვა დააგროვა. 

ლოპბურში მდებარე უძველესი ქჰმერული ტაძრის ტერიტორიაზე 2 ათასამდე მაიმუნი ბინადრობს. ქალაქში მათ პატივსაცემად ყოველწლიური ფესტივალიც კი ტარდება, რომლის დროსაც ადამიანებს პრიმატებისთვის ხილი და ბოსტნეული მიაქვთ.  

Posted by Sasaluk Rattanachai on სამშაბათი, 10 მარტი, 2020

ტაილანდში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 70-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყნის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა ჯერ კიდევ თებერვალში, შარშანდელი წლის ამავე პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით, თითქმის განახევრებული იყო. მარტში კი ეპიდემიის მასშტაბების ზრდამ ტაილანდში ჩასული ტურისტების რიცხვი კიდევ უფრო შეამცირა. 

► როდის უნდა ველოდოთ კორონავირუსის პანდემიის დასრულებას

ოფიციალური ინფორმაციით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა. მისი ადრეული სიმპტომები სიცხე, ხველება და გართულებული სუნთქვაა. დაავადების საინკუბაციო პერიოდი 1-დან 24 დღემდეა, რაც მასთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს.

ჩინეთში 80 ათასზე მეტი ადამიანის დაავადების შემდეგ, ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება აღინიშნება. მის საზღვრებს გარეთ პანდემიის ყველაზე დიდი კერები ირანსა და იტალიაშია. ეს უკანასკნელი ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიმოსვლა შეზღუდა და 60 მილიონი მოქალაქე კარანტინში მოათავსა.

დაავადებულთა რიცხვი დიდია ასევე სამხრეთ კორეაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. სულ მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 150 ათასამდე შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 5400-ს აჭარბებს.

კომენტარები

ბოლო ამბები