Thumbnail

COVID-19-ით დაავადების პირველი შემთხვევა ჩინეთში 17 ნოემბრით თარიღდება

  • ოფიციალური მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ჩინეთში 2019 წლის 8 დეკემბერს აღინიშნა. ეს ინფორმაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ქვეყნის ხელისუფლებამ მიაწოდა. 

COVID-19-ით დაავადების პირველი დადასტურებული შემთხვევა არა 2019 წლის 8 დეკემბრით, არამედ 17 ნოემბრით თარიღდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჰონგ კონგში გამომავალი ინგლისურენოვანი გამოცემა South China Morning Post ჩინეთის ხელისუფლების ხელთ არსებულ, ამ დრომდე გამოუქვეყნებელ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი ხუბეის პროვინციის 55 წლის მაცხოვრებელია. 17 ნოემბრის შემდეგ, ყოველდღიურად დაავადების ერთიდან ხუთამდე ახალი შემთხვევა აღირიცხებოდა. 15 დეკემბერს პაციენტების რაოდენობამ 27 შეადგინა, ხუთ დღეში კი მათი რიცხვი 60-ს აღწევდა. თუმცა, ის, რომ საქმე ახალ კორონავირუსთან ჰქონდათ, ჩინელმა ექიმებმა მხოლოდ დეკემბრის ბოლოს გააცნობიერეს, როდესაც ქვეყანაში უკვე 180-ზე მეტი ადამიანი იყო ინფიცირებული.

ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანის სპორტის სასახლე, რომელშიც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ დროებითი ჰოსპიტალია გახსნილი. 

მოცემული დროისთვის მეცნიერები ე.წ. "ნულოვანი პაციენტის" იდენტიფიცირებას ცდილობენ, რომლის დახმარებითაც კორონავირუსის წარმოშობის წყაროს აღმოჩენას იმედოვნებენ. ითვლება, რომ ის ადამიანებზე გარეული ცხოველისგან, სავარაუდოდ, ღამურისგან გადავიდა. 

ცნობილია, რომ ნოემბერში რეგისტრირებული პირველი ცხრა პაციენტიდან, რომელთაგან ოთხი მამაკაცი და ხუთი ქალია, "ნულოვანი პაციენტი" არცერთი არ არის. მათი ასაკი 39-დან 79 წლამდეა. ცხოვრობენ თუ არა ისინი ხუბეის პროვინციის დედაქალაქ უხანში, რომელიც პანდემიის ეპიცენტრად იქცა, დადგენილი არ არის. არსებობს შესაძლებლობა, რომ დოკუმენტირებულია კორონავირუსით დაავადების უფრო ადრინდელი შემთხვევებიც, მაგრამ მედიას ამ ინფორმაციასთან წვდომა ჯერჯერობით არ აქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები