Thumbnail

ნიდერლანდელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ანტისხეული აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი
  • ანტისხეულები სისხლის პლაზმაში არსებული ცილოვანი ნაერთებია, რომლებიც ორგანიზმში ანტიგენების - უცხო ან პოტენციურად საშიში ნივთიერებების მოხვედრისას გამომუშავდება.
  • ანტისხეულები ორგანიზმში მოხვედრილ ბაქტერიებს ან ვირუსებს უკავშირდებიან და მათ გამრავლებას უშლიან ხელს.

როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრსა და უტრეხტის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა კორონავირუსის ანტისხეული აღმოაჩინეს. მისი მეშვეობით, შესაძლოა, დაავადებასთან ბრძოლისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი პირველი მედიკამენტი შეიქმნას.

► როდის უნდა ველოდოთ კორონავირუსის პანდემიის დასრულებას

კვლევა სამეცნიერო პორტალზე BioRxiv გამოქვეყნდა და ამჟამად განხილვის პროცესშია. მისი ავტორები ამტკიცებენ, რომ 2002-2003 წლებში გავრცელებული მწვავე რესპირატორული სინდრომის ვირუსის SARS-CoV ანტისხეული ახალი კორონავირუსის წინააღმდეგაც ეფექტურია. როგორც აღმოჩნდა, ის ვირუსის ნეიტრალიზებას ახერხებს და დაავადება COVID-19-ის მკურნალობის პოტენციალი გააჩნია. 

"რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, ეს პირველი ანტისხეულია, რომელიც ვირუსის ბლოკირებას ახდენს. დიდი ალბათობით, ის გამოყენებული იქნება მედიკამენტების დასამზადებლად", - აცხადებს მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი, უჯრედული ბიოლოგიის პროფესორი ფრენკ გროსველდი. 

კვლევის ერთ-ერთი ავტორი, უჯრედული ბიოლოგიის პროფესორი ფრენკ გროსველდი. ფოტო: Marko de Haan

მეცნიერთა აზრით, მედიკამენტი ვაქცინაზე ადრე შეიქმნება და პანდემიას მცირე ხნით შეაჩერებს, მაგრამ მის საბოლოოდ დასამარცხებლად მაინც აცრა იქნება საჭირო. ისინი ასევე ვარაუდობენ, რომ ანტისხეულს დაავადების გამოსავლენი სწრაფი ტესტების დასამზადებლადაც გამოიყენებენ. ამჟამად მკვლევარები ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და იმედოვნებენ, რომ პრეპარატის წარმოების დაწყებას უმოკლეს ვადაში შეძლებენ. თუმცა, მის სრულყოფასა და გამოცდას რამდენიმე თვე დასჭირდება.

ოფიციალური ინფორმაციით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა. მისი ადრეული სიმპტომები სიცხე, ხველება და გართულებული სუნთქვაა. დაავადების საინკუბაციო პერიოდი 1-დან 24 დღემდეა, რაც მასთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს.

► COVID-19-ით დაავადების პირველი შემთხვევა ჩინეთში 17 ნოემბრით თარიღდება

ჩინეთში 80 ათასზე მეტი ადამიანის დაავადების შემდეგ, ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება აღინიშნება. მის საზღვრებს გარეთ პანდემიის ყველაზე დიდი კერები ირანსა და იტალიაშია. ეს უკანასკნელი ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიმოსვლა შეზღუდა და 60 მილიონი მოქალაქე კარანტინში მოათავსა.

დაავადებულთა რიცხვი დიდია ასევე სამხრეთ კორეაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. სულ მსოფლიოს 160 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 170 ათასზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 6 ათასს აჭარბებს.

კომენტარები

ბოლო ამბები