Thumbnail

თბილი ამინდი კორონავირუსის გავრცელებას შეანელებს

ნინო გიორგობიანი

ჩინეთის ბეიხანისა და ცინხუას უნივერსიტეტებში მომუშავე სპეციალისტებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის მიხედვითაც ტემპერატურის მატებასთან ერთად კორონავირუსის გავრცელების ტემპის კლებაა მოსალოდნელი.

► როდის უნდა ველოდოთ კორონავირუსის პანდემიის დასრულებას

მონაცემთა მეცნიერებისა და ეკონომისტებისაგან დაკომპლექტებულმა გუნდმა ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ შეგროვებული ინფორმაცია დაამუშავა და მასში კანონზომიერება აღმოაჩინა. კორონავირუსით ინფიცირების 4711 დადასტურებული შემთხვევის შესწავლისას, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურა და მაღალი ტენიანობა COVID-19-ის გავრცელებას მნიშვნელოვნად ამცირებს. 

დაავადება COVID-19-ის გავრცელების პროგნოზი 2020 წლის მარტისთვის. ფოტო: SSRN

მეცნიერთა აზრით, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში წვიმების სეზონმა და ზაფხულის დადგომამ, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირების მასშტაბის შემცირება გამოიწვიოს. მოვლენების ამგვარი განვითარება ევროპაში, აზიის დიდ ნაწილსა და ჩრდილოეთ ამერიკაშია მოსალოდნელი.

► ნახეთ: კორონავირუსის ვაქცინა ადამიანზე გამოსცადეს

დაავადება COVID-19-ის გავრცელების პროგნოზი 2020 წლის ივლისისთვის. ფოტო: SSRN

ოფიციალური ინფორმაციით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა. მისი ადრეული სიმპტომები სიცხე, ხველება და გართულებული სუნთქვაა. დაავადების საინკუბაციო პერიოდი 1-დან 24 დღემდეა, რაც მასთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს.

► COVID-19-ით დაავადების პირველი შემთხვევა ჩინეთში 17 ნოემბრით თარიღდება

ჩინეთში 80 ათასზე მეტი ადამიანის დაავადების შემდეგ, ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება აღინიშნება. მის საზღვრებს გარეთ პანდემიის ყველაზე დიდი კერები ირანსა და იტალიაშია. ეს უკანასკნელი ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიმოსვლა შეზღუდა და 60 მილიონი მოქალაქე კარანტინში მოათავსა.

დაავადებულთა რიცხვი დიდია ასევე სამხრეთ კორეაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. სულ მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 190 ათასამდე შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 7500-ს აღწევს. 

კომენტარები

ბოლო ამბები