Thumbnail

კორონავირუსის გამო პორნოინდუსტრია დისტანციურ მუშაობაზე გადადის

ნინო გიორგობიანი

თავისუფალი სიტყვის კოალიციამ (FSC), კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ზრდასრულთათვის განკუთვნილი გასართობი პროდუქციის მწარმოებლებს საქმიანობის შეჩერებისაკენ მოუწოდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში 1991 წელს დაარსებულმა ორგანიზაციამ, რომელიც პორნოინდუსტრიაში მომუშავე ადამიანების უფლებებს იცავს, განცხადება თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

ნახეთ: კორონავირუსის ვაქცინა ადამიანზე გამოსცადეს

კოალიციამ ეს რეკომენდაცია აშშ-ში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო გასცა. პროდიუსერებს 31 მარტამდე ყველა დაგეგმილი გადაღების გადადების, პორნომსახიობებს კი სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

პროფესიის თავისებურებებიდან გამომდინარე, მსახიობებს დისტანციურ რეჟიმში მუშაობა შეეძლებათ, თუმცა, მათ თავი უნდა შეიკავონ ვიდეორგოლებში იმ ადამიანებთან ერთად მონაწილეობისგან, რომლებთანაც ერთი ჭერის ქვეშ არ ცხოვრობენ.

ზოგიერთმა სტუდიამ თავისუფალი სიტყვის კოალიციის მოწოდება უკვე შეასრულა და საკუთარი პროდუქციის წარმოება დროებით შეაჩერა. უახლოესი კვირების განმავლობაში ისინი მომხმარებლებისთვის ადრე გადაღებული ჩანაწერების შეთავაზებას გეგმავენ.

ოფიციალური ინფორმაციით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა. მისი ადრეული სიმპტომები სიცხე, ხველება და გართულებული სუნთქვაა. დაავადების საინკუბაციო პერიოდი 1-დან 24 დღემდეა, რაც მასთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს.

COVID-19-ით დაავადების პირველი შემთხვევა ჩინეთში 17 ნოემბრით თარიღდება

ჩინეთში 80 ათასზე მეტი ადამიანის დაავადების შემდეგ, ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება აღინიშნება. მის საზღვრებს გარეთ პანდემიის ყველაზე დიდი კერები ირანსა და იტალიაშია. ეს უკანასკნელი ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიმოსვლა შეზღუდა და 60 მილიონი მოქალაქე კარანტინში მოათავსა.

დაავადებულთა რიცხვი დიდია ასევე სამხრეთ კორეაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. სულ მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 190 ათასამდე შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 7500- აღწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები