Thumbnail

კომპანია Amazon-მა 100 ათასი ახალი ვაკანსია გამოაცხადა

ნინო გიორგობიანი

ამერიკელი მილიარდერის, ჯეფ ბეზოსის მიერ დაფუძნებულმა უმსხვილესმა ინტერნეტ მაღაზიამ Amazon ასი ათასი ახალი ვაკანსია გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო კომპანიის საიტზე განთავსებულ პროდუქციაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა.

► როდის უნდა ველოდოთ კორონავირუსის პანდემიის დასრულებას

შერჩეული კანდიდატები ამერიკის შეერთებული შტატებში განლაგებულ Amazon-ის საწყობებში დასაქმდებიან და მომხმარებლებისთვის შეკვეთილი საქონლის დროულად მიწოდებას უზრუნველყოფენ.

"ღრმად გვწამს, რომ ამ რთულ პერიოდში ჩვენი როლი მომხმარებელთა მომსახურების საქმეში გადამწყვეტია. ამიტომ, გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ისინი ყველა საჭირო პროდუქტს მიიღებენ. COVID-19-ის გავრცელებასთან ერთად, საქონლის ინტერნეტით შეძენა ადამიანების მზარდმა რაოდენობამ დაიწყო. აქედან გამომდინარე, პრიორიტეტს საოჯახო თუ სამედიცინო დანიშნულების ნივთებსა და პირველადი მოხმარების სხვა პროდუქციას ვანიჭებთ, რომ მყიდველებისთვის მათი დროულად მიწოდება უზრუნველვყოთ", - ვკითხულობთ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში 

ქალაქ ნიუ ჯერსიში მდებარე Amazon-ის საწყობი. ფოტო: Bess Adler

Amazon-მა განაცხადა, რომ ვაკანტურ პოზიციებზე კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ ადამიანებსაც განიხილავს და ძველ სამსახურში დაბრუნებამდე, მათ საკუთარ გუნდში დასაქმებას სთავაზობს. კომპანიამ სახელფასო ფონდისთვის დამატებით 350 მილიონი აშშ დოლარი გამოჰყო. თანამშრომლების საათობრივ ანაზღაურებას ამერიკის შეერთებულ შტატებში 2 დოლარი, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში კი 2 ევრო დაემატება.

აღსანიშნავია ისიც, რომ Amazon-მა პერსონალის ნაწილს პანდემიის დასრულებამდე სახლიდან მუშაობის ნება დართო. ასევე, დააფუძნა ფონდი, რომელიც თანამშრომლებს კორონავირუსით ინფიცირებისა თუ კარანტინში მოხვედრის შემთხვევაში, ორ კვირამდე გაცდენილ დროს აუნაზღაურებს.

► კორონავირუსის გამო პორნოინდუსტრია დისტანციურ მუშაობაზე გადადის

ოფიციალური ინფორმაციით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა. მისი ადრეული სიმპტომები სიცხე, ხველება და გართულებული სუნთქვაა. ვირუსის საინკუბაციო პერიოდი 1-დან 24 დღემდეა, რაც მასთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს.

ჩინეთში 80 ათასზე მეტი ადამიანის დაავადების შემდეგ, ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება აღინიშნება. მის საზღვრებს გარეთ პანდემიის ყველაზე დიდი კერა იტალიაშია. ეს უკანასკნელი ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიმოსვლა შეზღუდა და 60 მილიონი მოქალაქე კარანტინში მოათავსა.

დაავადებულთა რიცხვი დიდია ასევე ირანში, ესპანეთში, სამხრეთ კორეაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. სულ მსოფლიოს 170-მდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 200 ათასზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 8 ათასს აჭარბებს.

კომენტარები

ბოლო ამბები