Thumbnail

ნახეთ: პანდემიის გამო დაკეტილ აკვარიუმში პინგვინები სასეირნოდ გაუშვეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის პანდემიის გამო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები დაიკეტა. დახურულ დაწესებულებებს შორის ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოში მდებარე შედის აკვარიუმიც მოხვდა.

► პინგვინის მიერ წყალქვეშ გამოცემული ხმა პირველად დააფიქსირეს

ვიზიტორების არყოფნაში, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდესი დახურული აკვარიუმის პერსონალმა გადაწყვიტა, იქ მობინადრე პინგვინებისთვის შენობაში ექსკურსია მოეწყო. თავდაპირველად სასეირნოდ ველინგტონი გაემართა. მისი განსაკუთრებული დაინტერესება ამაზონის აუზის თევზებმა გამოიწვია. 

ამის შემდეგ ექსკურსიაზე ედვარდი და ენი წავიდნენ. პინგვინების წყვილმა ტერიტორია შეისწავლა და, როგორც ეს გაზაფხულის დადგომისას ხდება ხოლმე, ბუდის გასაკეთებლად დაიწყო მზადება.

"ედვარდი და ენი ბუდის შენებას შემდეგ კვირაში დაიწყებენ. გვადევნეთ თვალყური, ჩვენი ცხოველების შესახებ ბევრ სხვადასხვა სიახლეს შემოგთავაზებთ", - ვკითხულობთ შედის აკვარიუმის მიერ ტვიტერზე გავრცელებულ პოსტში.  

"იმის მიუხედავად, რომ უცნაური დრო გვიდგას, შედის აკვარიუმში მობინადრე ცხოველები თავს ნორმალურად გრძნობენ. ჩვენი მომვლელები მათ მუდამ ახალ თავგადასავლებს სთავაზობენ", - წერია ვიდეოს აღწერაში.

შედის აკვარიუმმა ვიზიტორების მიღება მას შემდეგ შეწყვიტა, რაც გუბერნატორმა რობერტ პრიცკერმა კორონავირუსის პანდემიის გამო ილინოისში კარანტინი გამოაცხადა. შტატში მოქმედი ყველა რესტორანი, ბარი და საჯარო თავშეყრის სხვა ადგილი დაიხურა. 

► როდის უნდა ველოდოთ კორონავირუსის პანდემიის დასრულებას

ოფიციალური ინფორმაციით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა. მისი ადრეული სიმპტომები სურდო, ხველება და გართულებული სუნთქვაა. დაავადების საინკუბაციო პერიოდი 1-დან 24 დღემდეა, რაც მასთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს.

ჩინეთში 80 ათასზე მეტი ადამიანის დაავადების შემდეგ, ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება აღინიშნება. მის საზღვრებს გარეთ პანდემიის ყველაზე დიდი კერა იტალიაშია. ეს უკანასკნელი ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიმოსვლა შეზღუდა და 60 მილიონი მოქალაქე კარანტინში მოათავსა.

დაავადებულთა რიცხვი დიდია ასევე ირანში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. სულ მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 220 ათასამდე შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 9 ათასს აღწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები