Thumbnail

ნახეთ: NASA-მ იუპიტერის ახალი ფოტო გამოაქვეყნა

ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) იუპიტერის ახალი, მაღალი გარჩევადობის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც გიგანტური ციური სხეულის სამხრეთ ნახევარსფეროა აღბეჭდილი. ის პლანეტის ორბიტაზე მოძრავი კოსმოსური ხომალდის, "ჯუნოს" კამერამ დააფიქსირა.

► NASA-მ მარსის მაღალი გარჩევადობის პანორამული ფოტო გამოაქვეყნა

ავტომატურმა პლანეტათაშორისმა სადგურმა იუპიტერის თვალწარმტაცი ფოტოსურათები მიმდინარე წლის 17 თებერვალს გადაიღო. ამ დროს "ჯუნო" პლანეტის აირის ღრუბლებიდან 49,500-დან 100,400-მდე კილომეტრის მანძილზე იმყოფებოდა. კოსმოსურ ზონდზე დამონტაჟებული კამერის, JunoCam-ის მიერ დაფიქსირებული ოთხი კადრიდან ერთიანი გამოსახულება მოყვარულმა მეცნიერმა, კევინ გილმა ააწყო. 

"ჯუნოს" კამერის მიერ გადაღებული იუპიტერის სამხრეთ ნახევარსფერო. ფოტო: NASA / Kevin M. Gill 

"იუპიტერი მზის გარშემო მოძრავი ყველაზე დიდი პლანეტაა. ის ორჯერ უფრო მეტ მატერიას შეიცავს, ვიდრე მზის სისტემაში არსებული ყველა სხვა ობიექტი - პლანეტების, თანამგზავრების, ასტეროიდებისა და კომეტების ჩათვლით. იუპიტერი შემადგენლობით ვარსკვლავს ჰგავს. მეცნიერთა გაანგარიშებით, ფორმირების დროს ის 80-ჯერ მასიური რომ ყოფილიყო, პლანეტის ნაცვლად წითელი ჯუჯა ვარსკვლავი იქნებოდა", - ვკითხულობთ NASA-ს მიერ ფოტოსურათთან ერთად გავრცელებულ განცხადებაში. 

► აღმოაჩინეს პლანეტა, რომელზეც წვიმა თხევადი რკინის სახით მოდის

იუპიტერი გაზის გიგანტია და უმეტესწილად წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება, თუმცა, თეთრი ღრუბლები, რომლებიც მისი ატმოსფეროს ზედა ფენებში ჩანს, ძირითადად ამიაკსა და გოგირდწყალბადს შეიცავს. პლანეტის შეფერილობას კი მასზე ფოსფორის, გოგირდისა და ნახშირბადის არსებობა განაპირობებს.

კოსმოსური ხომალდი "ჯუნო" ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხიდან 2011 წელს გაიშვეს. აპარატმა იუპიტერის ორბიტას 2016 წელს მიაღწია. მისი მისიის მთავარი მიზანი ამ გიგანტური ციური სხეულის შესწავლა და მისთვის ფოტოსურათების გადაღებაა.

კომენტარები

ბოლო ამბები