Thumbnail

მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენ ხანს ძლებს კორონავირუსი სხვადასხვა ზედაპირზე

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

აშშ-ის პრინსტონისა და კალიფორნიის უნივერსიტეტებში, ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა სახელმწიფო ინსტიტუტსა და სხვადასხვა შტატის დაავადებათა კონტროლის ცენტრებში მომუშავე მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რამდენ ხანს ძლებს დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი SARS-CoV-2 ჰაერსა და სხვადასხვა ზედაპირზე. სამეცნიერო ნაშრომი გამოცემაში The New England Journal of Medicine გამოქვეყნდა. 

21-23 გრადუსი ცელსიუსით ტემპერატურასა და 65% ჰაერის ტენიანობის პირობებში კორონავირუსზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ის სიცოცხლისუნარიანობას ჰაერში - 3, სპილენძის ზედაპირზე - 4, მუყაოზე - 24, პლასტმასსა და უჟანგავ ფოლადზე კი - 72 საათამდე დროის განმავლობაში ინარჩუნებს.

მეცნიერებმა ახალი კორონავირუსი მსგავსი ტიპის ვირუსს SARS-CoV-1 შეადარეს, რომლის მიერ გამოწვეული მწვავე რესპირატორული სინდრომით 2002-2003 წლებში 8 ათასზე მეტი ადამიანი დაავადდა. ჰაერში, პლასტმასსა და უჟანგავ ფოლადზე მათი სიცოცხლისუნარიანობა თითქმის ერთნაირია. თუმცა, სპილენძის ზედაპირზე ახალი კორონავირუსი ორჯერ უფრო სწრაფად, ხოლო მუყაოზე - სამჯერ ნელა ქრება. 

კორონავირუსი SARS-CoV-2. ფოტო: NIAID-RML

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის 8 დეკემბერს გავრცელდა. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ხუბეის პროვინციაში ჯერ კიდევ 17 ნოემბერს აღინიშნა. დაავადების ადრეული სიმპტომები სიცხე, ხველება და გართულებული სუნთქვაა. საინკუბაციო პერიოდი 2-დან 14 დღემდეა, მაგრამ დაფიქსირებულია 27-დღიანი ვადაც, რაც ვირუსთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს.

ჩინეთში 80 ათასზე მეტი ადამიანის ინფიცირების შემდეგ, ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება აღინიშნება. ანალოგიური ვითარებაა სამხრეთ კორეაშიც, სადაც ექიმებმა მოსახლეობის მასობრივი ტესტირების საშუალებით კორონავირუსის გავრცელების შეჩერება შეძლეს. მოცემული დროისთვის პანდემიის მთავარი კერა იტალიაშია, სადაც უკვე ორჯერ მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ჩინეთში, ხოლო დაავადებულთა რაოდენობა ამ ქვეყნის მაჩვენებლებს გაუთანაბრდა. ინფიცირებულთა რიცხვი დიდია ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესპანეთში, გერმანიაში, ირანსა და საფრანგეთში. 

კომენტარები

ბოლო ამბები