Thumbnail

მონაკოს პრინცს კორონავირუსი დაუდასტურდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

მონაკოს პრინცს, 62 წლის ალბერ II-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადება სასახლის წარმომადგენლებმა 19 მარტს გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ამ მომენტისთვის მონარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პრინცი ამჟამად იზოლაციაში იმყოფება და მედიკოსების მუდმივი დაკვირვების ქვეშაა. მის მკურნალობაში არა მხოლოდ პირადი ექიმი, არამედ ლონდონის პრინცესა გრეისის სახელობის საავადმყოფოს სპეციალისტებიც არიან ჩართულნი.

► როდის უნდა ველოდოთ კორონავირუსის პანდემიის დასრულებას

ალბერ II დაკისრებული მოვალეობების შესრულებას საცხოვრებელი ადგილიდან ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს და სახელმწიფო უწყებებსა თუ მთავრობის წევრებთან მუდმივ კავშირს ინარჩუნებს.

მონაკოს პრინცი, ალბერ II მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ფოტო: Pascal Le Segretain

რამდენიმე დღის წინ ალბერ II-მ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მონაკოში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეკრებები შეზღუდა, მოსახლეობას კი ერთმანეთთან კონტაქტისგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდა. მონარქმა აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების რისკს მხოლოდ ამგვარი ზომები შეამცირებს.

ამ დროისთვის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პატარა სახელმწიფოში COVID-19-ით დაავადების 11 შემთხვევაა რეგისტრირებული. გამოჯანმრთელებისა და ვირუსით გარდაცვალების ფაქტები ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

► მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენ ხანს ძლებს კორონავირუსი სხვადასხვა ზედაპირზე

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის 8 დეკემბერს გავრცელდა. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ხუბეის პროვინციაში ჯერ კიდევ 17 ნოემბერს აღინიშნა. დაავადების ადრეული სიმპტომები სიცხე, ხველება და გართულებული სუნთქვაა. საინკუბაციო პერიოდი 2-დან 14 დღემდეა, მაგრამ დაფიქსირებულია 27-დღიანი ვადაც, რაც ვირუსთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს.

ჩინეთში 80 ათასზე მეტი ადამიანის ინფიცირების შემდეგ, ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება აღინიშნება, მოცემული დროისთვის პანდემიის მთავარი კერა იტალიაშია, სადაც კორონავირუსმა ყველაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. დაავადებულთა რიცხვი დიდია ასევე ესპანეთში, ირანში, გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში. სულ მსოფლიოს 183 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 255 ათასზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 10 ათასს აჭარბებს.

კომენტარები

ბოლო ამბები