Thumbnail

ახალი ვებგვერდით გაიგებთ, რამდენ ხანს გეყოფათ ტუალეტის ქაღალდი

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მოსახლეობა საკვებისა და პირველადი მოხმარების ნივთების მომარაგებას ცდილობს. მათ შორისა ტუალეტის ქაღალდიც. ზოგიერთ სახელმწიფოში ამ ჰიგიენური საშუალების დეფიციტიც კი შეიქმნა.

ბრიტანელმა დეველოპერმა ბენ სასუნმა ხელოვან სემ ჰარისთან ერთად შექმნა საიტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გაიგოთ, რამდენ ხანს გეყოფათ შეძენილი ტუალეტის ქაღალდი. ვებგვერდმა howmuchtoiletpaper.com პოპულარობა მოკლე დროში მოიპოვა. ოფიციალური მონაცემებით, მისი ფუნქციებით დღემდე 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

საიტზე სასურველი ინფორმაციის მიღება მარტივი მონაცემების შეყვანით შეგიძლიათ. მაგალითად, რამდენი ცალი ტუალეტის ქაღალდი გაქვთ და დღეში რამდენჯერ სარგებლობთ საპირფარეშოთი. უფრო დეტალური პასუხის მისაღებად კი შეგიძლიათ, მონიშნოთ, რა რაოდენობის ქაღალდს იყენებთ საპირფარეშოში თითოეული ვიზიტისას, რამდენი ადამიანი ცხოვრობს თქვენთან ერთად სახლში, რა დროის გატარებას აპირებთ კარანტინში და სხვა.

ბენ სასუნისა და სემ ჰარისის მიერ შექმნილი ვებგვერდით გაიგებთ, რამდენ ხანს გეყოფათ ტუალეტის ქაღალდი კარანტინში ყოფნის დროს.

საიტის შემქმნელები, მომხმარებლების მიერ გაზიარებულ მონაცემებზე დაყრდნობით, აღნიშნავენ, რომ ადამიანები საჭიროზე საშუალოდ 500 პროცენტით მეტ ტუალეტის ქაღალდს ყიდულობენ. ისინი იმედოვნებენ, რომ ვებგვერდი კორონავირუსიის პანდემიის დროს მოსახლეობის მიერ ზედმეტი რაოდენობის პროდუქტის შეძენით გამოწყვეულ პრობლემებს შეამცირებს.

► მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენ ხანს ძლებს კორონავირუსი სხვადასხვა ზედაპირზე

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის 8 დეკემბერს გავრცელდა. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ხუბეის პროვინციაში ჯერ კიდევ 17 ნოემბერს აღინიშნა. დაავადების ადრეული სიმპტომები სიცხე, ხველება და გართულებული სუნთქვაა. საინკუბაციო პერიოდი 2-დან 14 დღემდეა, მაგრამ დაფიქსირებულია 27-დღიანი ვადაც, რაც ვირუსთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს.

ჩინეთში 80 ათასზე მეტი ადამიანის ინფიცირების შემდეგ, ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება აღინიშნება, მოცემული დროისთვის პანდემიის მთავარი კერა იტალიაშია, სადაც კორონავირუსმა ყველაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. დაავადებულთა რიცხვი დიდია ასევე ესპანეთში, ირანში, გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში. სულ მსოფლიოს 183 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 255 ათასზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 10 ათასს აჭარბებს.

კომენტარები

ბოლო ამბები