Thumbnail

აპრილში დედამიწას გიგანტური ასტეროიდი მოუახლოვდება

ნინო გიორგობიანი
  • არ ინერვიულოთ, ასტეროიდი დედამიწისგან საკმარისად შორს ჩაივლის და არ შეგვეჯახება. 

ასტრონომების მიერ ჰავაის კუნძულებზე მდებარე ჰალეაკალას ობსერვატორიიდან აღმოჩენილი ასტეროიდი, ოფიციალური სახელწოდებით (52768) 1998 OR2, მიმდინარე წლის 29 აპრილს დედამიწას მოუახლოვდება.

კოსმოსური ობიექტის დიამეტრი დაახლოებით 1,8-დან 4,1 კილომეტრამდეა. დედამიწასთან ასეთი ზომის ასტეროიდის შეჯახების შემთხვევაში, კატასტროფა გარდაუვალი იქნებოდა, თუმცა, ის ჩვენს პლანეტას 6.3 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუვლის, რაც დედამიწასა და მთვარეს შორის საშუალო დისტანციას 16-ჯერ აღემატება.

მეცნიერებმა დედამიწისთვის საშიში 11 ასტეროიდი გამოავლინეს

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოს (52768) 1998 OR2 პოტენციურად საშიში ასტეროიდების სიაში აქვს შეტანილი. NASA-ს მიერ დადგენილი კრიტერიუმებით, ასეთად მიიჩნევა კოსმოსური ობიექტი, რომლის ორბიტაც ჩვენი პლანეტის ორბიტასთან 7,5 მილიონ კილომეტრზე ნაკლები მანძილით გადაიკვეთება.

16 მარტს გადაღებული სურათი ასტეროიდის (52768) 1998 OR2 მოძრაობას ასახავს. ფოტო: Gianluca Masi

მზის გარშემო მოძრავი გიგანტური ასტეროიდი, რომლის ორბიტაც დედამიწასა და მარსს შორის მდებარეობს, ჩვენს პლანეტას 2031 წლის 18 მარტსაც მიუახლოვდება. ამ დროს ის ჩვენგან კიდევ უფრო დიდი მანძილით, 10 მილიონი კილომეტრით იქნება დაშორებული. კოსმოსური ობიექტის მომდევნო ვიზიტები 2048 და 2062 წლებშია მოსალოდნელი. 2079 წლის 16 აპრილს კი ასტეროიდი უკვე 1,8 კილომეტრის მანძილზე ჩაგვივლის.

დედამიწის ორბიტაზე კიდევ ერთი მთვარე აღმოაჩინეს

მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, NASA მუდმივად ეძებს და იკვლევს დედამიწისთვის პოტენციურად საშიშ ასტეროიდებს. ვარაუდობენ, რომ ჩვენი პლანეტის სიახლოვეს 25 ათასი დიდი ზომის კოსმოსური ობიექტი მოძრაობს, თუმცა, ამ დროსითვის მათი მხოლოდ მესამედია აღმოჩენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები