Thumbnail

ნახეთ: კარანტინში მყოფი პატრონის ნაცვლად, ძაღლს დრონი ასეირნებს

ნინო გიორგობიანი

კორონავირუსის პანდემიის გამო კარანტინში კვიპროსიც მოექცა. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლიმასოლში მცხოვრებმა ვაკის დემეტრიუმ თავისი ძაღლის, ოლივერის გასასეირნებლად გონებამახვილურ ხერხს მიმართა.

დემეტრიაუმ ძაღლის საბელი დრონს გამოაბა და შინაური ცხოველი სასეირნოდ გაუშვა. საფრენ აპარატს ის საკუთარი სახლის აივნიდან მართავდა. ამ პროცესის ამსახველ ვიდეოს, რომელიც მისმა შვილმა გადაიღო, ინსტაგრამზე გაზიარების შემდეგ, უამრავი ადამიანის გამოხმაურება მოჰყვა.

"კარანტინის მეხუთე დღე. დარჩით სახლში უსაფრთხოდ და თქვენი ძაღლის ბედნიერებაც ნუ დაგავიწყდებათ", - ვკითხულობთ ვაკის დემეტრიაუს მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

კვიპროსში კარანტინის გამოცხადების შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიკოს ანასტასიადესმა მას შემდეგ გააკეთა, რაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 19-ს მიაღწია. სახელმწიფო საზღვრები 15 დღით ჩაიკეტა, სასწავლო პროცესი კი 10 აპრილამდე გადაიდო.

მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენ ხანს ძლებს კორონავირუსი სხვადასხვა ზედაპირზე

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის 8 დეკემბერს გავრცელდა. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ხუბეის პროვინციაში ჯერ კიდევ 17 ნოემბერს აღინიშნა. დაავადების ადრეული სიმპტომები სიცხე, ხველება და გართულებული სუნთქვაა. საინკუბაციო პერიოდი 2-დან 14 დღემდეა, მაგრამ დაფიქსირებულია 27-დღიანი ვადაც, რაც ვირუსთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს.

ჩინეთში 80 ათასზე მეტი ადამიანის ინფიცირების შემდეგ, ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება აღინიშნება, მოცემული დროისთვის პანდემიის მთავარი კერა იტალიაშია, სადაც კორონავირუსმა ყველაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. დაავადებულთა რიცხვი დიდია ასევე ესპანეთში, ირანში, გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში.

კომენტარები

ბოლო ამბები