Thumbnail

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი კარანტინში იმყოფება

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი კარანტინში იმყოფება. 65 წლის მერკელმა თვითიზოლაციის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის ექიმს COVID-19-ით დაავადება დაუდასტურდა. ამის შესახებ ქვეყნის ხელმძღვანელის წარმომადგენელმა, შტეფან ზაიბერტმა განაცხადა.

► მონაკოს პრინცს კორონავირუსი დაუდასტურდა

მედიკოსის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია 22 მარტს გახდა ცნობილი. ორი დღით ადრე მან მერკელს პნევმონიის გამომწვევი ბაქტერიის, პნევმოკოკის საწინააღმდეგო აცრა გაუკეთა. დაავადებულ ექიმთან ახლო კონტაქტის გამო, კანცლერმა თვითიზოლაცია გადაწყვიტა, თუმცა, გადაედო თუ არა მას კორონავირუსი, ჯერჯერობით უცნობია. ზაიბერტის განცხადებით, უახლოესი დღეების განმავლობაში გერმანელ პოლიტიკოსს COVID-19-ის გამოსავლენად ტესტები ჩაუტარდება. ის საკუთარი მოვალეობების შესრულებას დისტანციურად აგრძელებს. 

ანგელა მერკელი 22 მარტს გამართული ბრიფინგის დროს. ფოტო: Michael Kappeler

ექიმის დაავადების შესახებ მერკელს იმ ბრიფინგის დასრულების შემდეგ შეატყობინეს, რომელზეც მან კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მიღებული ახალი რეგულაციების შესახებ განაცხადა. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში გერმანიაში ორზე მეტი ადამიანის ერთად შეკრება აიკრძალა. გამონაკლისი მხოლოდ ოჯახის წევრებისა და ერთ სამუშაო სივრცეში მომუშავე თანამშრომლების შემთხვევაში დაიშვება.

ამ დროის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 26 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 110-ს აჭარბებს.

► მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენ ხანს ძლებს კორონავირუსი სხვადასხვა ზედაპირზე

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის 8 დეკემბერს გავრცელდა. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ხუბეის პროვინციაში ჯერ კიდევ 17 ნოემბერს აღინიშნა. დაავადების ადრეული სიმპტომები სიცხე, ხველება და გართულებული სუნთქვაა. საინკუბაციო პერიოდი 2-დან 14 დღემდეა, მაგრამ დაფიქსირებულია 27-დღიანი ვადაც, რაც ვირუსთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს.

ჩინეთში 80 ათასზე მეტი ადამიანის ინფიცირების შემდეგ, ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება აღინიშნება, მოცემული დროისთვის პანდემიის მთავარი კერა იტალიაშია, სადაც კორონავირუსმა უკვე 5 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. დაავადებულთა რიცხვი დიდია ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესპანეთში, ირანსა და საფრანგეთში. სულ მსოფლიოს 192 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 350 ათასზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 15 ათასს აჭარბებს.

კომენტარები

ბოლო ამბები