Thumbnail

NASA-ს მარსმავალმა ახალი სელფი გადაიღო

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მარსმავალმა Curiosity წითელ პლანეტაზე ახალი სელფი გადაიღო. ეს იქამდე მოხდა, სანამ როვერი რეკორდს დაამყარებდა და მის მიერ გავლილ ადგილებს შორის ყველაზე ციცაბო აღმართს გადალახავდა.

► NASA-მ მარსის მაღალი გარჩევადობის პანორამული ფოტო გამოაქვეყნა

360-გრადუსიანი პანორამული ფოტოსურათი მიმდინარე წლის 26 თებერვალს გადაღებული 86 კადრით არის აწყობილი. მასზე მარსმავალი შარპის მთის ფერდობზე მდებარე გრინჰიუს ფრონტონისგან 3,4 მეტრის მანძილზეა აღბეჭდილი. Curiosity-მ დანიშნულების ადგილს 6 მარტს მიაღწია. ასვლისას როვერს სხვადასხვა მანევრის შესრულება დასჭირდა, რა დროსაც ის 31 გრადუსით გადაიხარა.

მარსმავალ Curiosity-ის მიერ გადაღებული სელფი. ფოტო: NASA

მარსმავალი 5 ათასი მეტრი სიმაღლის შარპის მთაზე 2014 წლიდან გადაადგილდება. მის თითოეულ მოძრაობას დედამიწიდან მკაცრად აკონტროლებენ. სელფებს როვერი რობოტიზებულ ხელზე დამაგრებული კამერით იღებს, რომელიც პლანეტაზე არსებული ქვიშის მარცვლებისა და მთის ქანების ტექსტურის შესასწავლად გამოიყენება. მისი მეშვეობით საკვლევი მასალის ახლოდან დანახვაა შესაძლებელი. 

► მარსზე მიწისძვრების არსებობა საბოლოოდ დადასტურდა

Curiosity კანავერალის კონცხიდან 2011 წლის 26 ნოემბერს გაუშვეს. 2012 წლის 6 აგვისტოს ის მარსზე მდებარე გეილის კრატერში დაეშვა და მალევე ამ მიდამოში მდინარის უძველესი კალაპოტი აღმოაჩინა. 2014 წლის სექტემბერში მარსმავალი შარპის მთასთან მივიდა და მას შემდეგ მის მიმდებარე ტერიტორიას იკვლევს.

კომენტარები

ბოლო ამბები