Thumbnail

ჩინეთში COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებზე რობოტები ზრუნავდნენ

ნინო გიორგობიანი

ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ განკუთვნილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებდა, რომელშიც პაციენტებზე რობოტები ზრუნავდნენ.

პროექტი უხანის უჩანგის საავადმყოფომ კომპანიებთან CloudMinds და China Mobile ერთად განახორციელა. ქალაქის სპორტის სასახლეში მოწყობილი სამკურნალო დაწესებულება 12 რობოტითა და სხვა მაღალფუნქციური მოწყობილობებით იყო აღჭურვილი, რომლებიც ექიმებს რთულ სამუშაო პირობებს უმსუბუქებდნენ.

იაპონიაში შექმნეს რობოტი, რომელსაც ტკივილის გამოხატვა შეუძლია

CloudMinds-ის მიერ წარმოებული რობოტი უხანში მდებარე საველე საავადმყოფოს პერსონალთან ერთად. ფოტო: CloudMind

საავადმყოფოს მისაღებში განთავსებული აპარატები შემოსულ პაციენტებს სხეულის ტემპერატურას უზომავდნენ. სხვა მოწყობილობები კი მთელი დღე-ღამის განმავლობაში სპეციალური სამაჯურებისა და ბეჭდების მეშვეობით მათ გულისცემასა და სისხლში ჯანგბადის შემცველობას ამოწმებდნენ. რობოტების ფუნქციებში ასევე პაციენტებისთვის მედიკამენტების მიტანა, ვარჯიშების დროს მათი დახმარება, ტერიტორიის დეზინფექცია და კარანტინში მყოფთა გასართობად ცეკვაც კი შედიოდა.

CloudMinds-ის მიერ წარმოებული რობოტი კომპანიის პერსონალთან ერთად. ფოტო: Reuters

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი შემცირების გამო, საველე საავადმყოფო ამჟამად დახურულია, მაგრამ მისი რობოტიზებული პერსონალი კვლავ ადგილზეა და, საჭიროების შემთხვევაში, მზად არის მუშაობის გასაგრძელებლად.

სამხ. კორეაში კორონავირუსზე შემოწმება მანქანიდან გადმოუსვლელადაა შესაძლებელი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის 8 დეკემბერს გავრცელდა. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ხუბეის პროვინციაში ჯერ კიდევ 17 ნოემბერს აღინიშნა. დაავადების ადრეული სიმპტომები სიცხე, ხველება და გართულებული სუნთქვაა. საინკუბაციო პერიოდი 2-დან 14 დღემდეა, მაგრამ დაფიქსირებულია 27-დღიანი ვადაც, რაც ვირუსთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს.

ჩინეთში 80 ათასზე მეტი ადამიანის ინფიცირების შემდეგ, ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება აღინიშნება. მოცემული დროისთვის პანდემიის მთავარი კერა იტალიაშია, სადაც კორონავირუსმა უკვე 5 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. დაავადებულთა რიცხვი დიდია ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესპანეთში, ირანსა და საფრანგეთში. სულ მსოფლიოს 193 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 350 ათასზე მეტი შემთხვევაა რეგისტირებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 15 ათასს აჭარბებს.

კომენტარები

ბოლო ამბები