Thumbnail

ყნოსვის დაკარგვა COVID-19-ის ერთ-ერთი სიმპტომია

ნინო გიორგობიანი

დიდი ბრიტანეთის რინოლოგთა საზოგადოება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე კოლეგებისგან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ყნოსვის დაკარგვა COVID-19-ით დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია.

გავრცელებულ წერილში აღნიშნულია, რომ ხშირად ეს კორონავირუსით ინფიცირების ერთადერთი ნიშანია და პაციენტს არ აღენიშნება ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა ყელის ტკივილი, მშრალი ხველება და ტემპერატურის მომატება.

ბრიტანელი ექიმების დასკვნას ჩინეთის, სამხრეთ კორეის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, აშშ-სა და ირანის მედიკოსთა მიერ მოწოდებული მონაცემები ადასტურებს. მაგალითისთვის, სამხრეთ კორეაში, სადაც მოსახლეობის მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს, ანოსმია, ანუ ყნოსვის დაკარგვა დაავადების ძირითადი სიმპტომის სახით კორონავირუსით ინფიცირებულთა 30 პროცენტს აღენიშნებოდა. გერმანიაში ყნოსვის დაკარგვას სამიდან ორი პაციენტი უჩივის. მსგავსი შემთხვევების რიცხვი მზარდია ირანში, აშშ-ში, საფრანგეთსა და იტალიაში.

COVID-19-ის გამოსავლენი კრიტერიუმების ჩამონათვალში ამ სიმპტომის დამატებისკენ მოუწოდა კოლეგებს ამერიკის ოტოლარინგოლოგიის აკადემიამაც. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ის პიროვნება, ვისაც ალერგიული რინიტის ან სინუსიტის არქონის ფონზე, ყნოსვისა და გემოს დაკარგვა აღენიშნება, დაუყოვნებელ თვითიზოლაციასა და ტესტირებას უნდა დაექვემდებაროს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენ ხანს ძლებს კორონავირუსი სხვადასხვა ზედაპირზე

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის 8 დეკემბერს გავრცელდა. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ხუბეის პროვინციაში ჯერ კიდევ 17 ნოემბერს აღინიშნა. დაავადების ადრეული სიმპტომები სიცხე, ხველება და გართულებული სუნთქვაა. საინკუბაციო პერიოდი 2-დან 14 დღემდეა, მაგრამ დაფიქსირებულია 27-დღიანი ვადაც, რაც ვირუსთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს.

ჩინეთში 80 ათასზე მეტი ადამიანის ინფიცირების შემდეგ, ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება აღინიშნება. ანალოგიური ვითარებაა სამხრეთ კორეაშიც, სადაც ექიმებმა მოსახლეობის მასობრივი ტესტირების საშუალებით კორონავირუსის გავრცელების შეჩერება შეძლეს. მოცემული დროისთვის პანდემიის მთავარი კერა იტალიაშია, სადაც უკვე ორჯერ მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ჩინეთში, დაავადებულთა რაოდენობა კი ამ ქვეყნის მაჩვენებლებს გაუთანაბრდა. ინფიცირებულთა რიცხვი დიდია ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესპანეთში, გერმანიაში, ირანსა და საფრანგეთში.

კომენტარები

ბოლო ამბები