Thumbnail

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, NASA ახალი მარსმავალის გაშვებას გეგმავს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, მისია Mars 2020 არ გადაიდება. ახალი მარსმავალის Perseverance წითელ პლანეტაზე გაშვება მიმდინარე წლის ივლისში იგეგმება.

იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, 2021 წლის თებერვალში Perseverance მარსზე მდებარე ჯეზეროს კრატერში დაეშვება, რომლის სიღრმე 500 მეტრია, დიამეტრი კი 45 კილომეტრი. ვარაუდობენ, რომ რამდენიმე მილიარდი წლის წინ იქ ტბა და მდინარის დელტა იყო. როვერი პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელ ნიშნებს მოძებნის. მის მიერ შეგროვებული ნიმუშები დედამიწამდე 2031 წელს მოაღწევს.

► მარსზე, შესაძლოა, სიცოცხლის არსებობა დადასტურდეს

ახალი მარსმავალი Perseverance. ფოტო: NASA

მარსმავალის მისიის დასაწყებად ფანჯარა 17 ივლისს იხსნება. ამ თარიღიდან სამი კვირის განმავლობაში დედამიწისა და წითელი პლანეტის ურთიერთმდებარეობა როვერის გასაშვებად ხელსაყრელი იქნება. მსგავსი რამ ყოველ 26 თვეში ერთხელ მეორდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შესაძლებლობის არგამოყენების შემთხვევაში, NАSA-ს პროექტის ორი წელზე მეტი დროით გადადება მოუწევს.

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, რომლის გამოც NASA-ს თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ, Perseverance-ის გაშვებისთვის მზადება არ შეწყვეტილა. მარსმავალზე უკვე დამონტაჟდა პლანეტის კვლევისთვის საჭირო მოწყობილობები. სააგენტოში აცხადებენ, რომ პერსონალი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ როვერი ივლისს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.

NASA-ს მარსმავალმა ახალი სელფი გადაიღო

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის 8 დეკემბერს გავრცელდა. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ხუბეის პროვინციაში ჯერ კიდევ 17 ნოემბერს დაფიქსირდა. ჩინეთში 80 ათასზე მეტი ადამიანის დაავადების შემდეგ, ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება აღინიშნება. ანალოგიური ვითარებაა სამხრეთ კორეაშიც, სადაც ექიმებმა მოსახლეობის მასობრივი ტესტირების საშუალებით კორონავირუსის გავრცელების შეჩერება შეძლეს.

მოცემული დროისთვის პანდემიის მთავარი კერა იტალიაშია, სადაც უკვე ორჯერ მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ჩინეთში, დაავადებულთა რაოდენობა კი ამ ქვეყნის მაჩვენებლებს გაუთანაბრდა. ინფიცირებულთა რიცხვი დიდია ასევე ესპანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, ირანსა და საფრანგეთში.

კომენტარები

ბოლო ამბები