Thumbnail

იტალიაში ფილტვების სავენტილაციო აპარატებს დაივინგის ნიღბებისგან ამზადებენ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

COVID-19-ით დაავადებული პაციენტების გადასარჩენად, იტალიაში ფილტვების სავენტილაციო აპარატების დამზადება დაივინგის ნიღბებისგან დაიწყეს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში სუბინტენსიური თერაპიისთვის განკუთვნილი საშუალებების დეფიციტი შეიქმნა.

► მაიკლ ლევიტი: კორონავირუსის პანდემია მალე დასრულდება

ინოვაციური იდეა ექიმ რენატო ფავეროს ეკუთვნის. მისი წინადადების საფუძველზე, იტალიურმა კომპანიამ Isinnova სამგანზომილებიანი პრინტერით ჟანგბადის მილის შესაერთებლად საჭირო სარქველი დაამზადა, რომელიც კომპანია Decathlon-ის წარმოების დაივინგის ნიღაბს მოარგო და ეს უკანასკნელი სასუნთქ აპარატად აქცია.

დაივინგის ნიღბისგან სასუნთქი აპარატის დამზადების ინსტრუქცია. ფოტო: Isinnova

სასუნთქი აპარატი თავდაპირველად სამედიცინო პერსონალმა გამოსცადა, რის შემდეგაც ქალაქ ბრეშას კიარის საავადმყოფოში მისი დანერგვა დაიწყო. ნიღბის გამოყენება მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევებშია რეკომენდებული და ამისთვის პაციენტის ან მისი წარმომადგენლების თანხმობაა საჭირო.

► ყნოსვის დაკარგვა COVID-19-ის ერთ-ერთი სიმპტომია

Isinnova-მ ფილტვების სავენტილაციო აპარატის დამზადების ინსტრუქცია საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. პატენტით სარგებლობა ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას შეუძლია. დეფიციტური სამედიცინო მოწყობილობის ასაწყობად მათ მხოლოდ Decathlon-ის წარმოების საყვინთი ნიღბის შეძენა და სამგანზომილებიანი პრინტერით სპეციალური სარქველის დაბეჭდვა დასჭირდებათ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის 8 დეკემბერს გავრცელდა. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ხუბეის პროვინციაში ჯერ კიდევ 17 ნოემბერს დაფიქსირდა. დაავადების ადრეული სიმპტომები სიცხე, მშრალი ხველება და გართულებული სუნთქვაა. საინკუბაციო პერიოდი 2-დან 14 დღემდეა, მაგრამ დაფიქსირებულია 27-დღიანი ვადაც, რაც ვირუსთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს.

► ჩინეთი კორონავირუსის გამო დაწესებულ კარანტინს აუქმებს

ჩინეთში 80 ათასზე მეტი ადამიანის ინფიცირების შემდეგ, ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება აღინიშნება. ანალოგიური ვითარებაა სამხრეთ კორეაშიც, სადაც ექიმებმა მოსახლეობის მასობრივი ტესტირების საშუალებით კორონავირუსის გავრცელების შეჩერება შეძლეს. მოცემული დროისთვის პანდემიის მთავარი კერა იტალიაშია, სადაც უკვე ორჯერ მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ჩინეთში, დაავადებულთა რაოდენობა კი ამ ქვეყნის მაჩვენებლებს გაუთანაბრდა. ინფიცირებულთა რიცხვი დიდია ასევე ესპანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, ირანსა და საფრანგეთში.

კომენტარები

ბოლო ამბები