Thumbnail

ჩინეთი კორონავირუსის გამო დაწესებულ კარანტინს აუქმებს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩინეთი ხუბეის პროვინციაში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად გამოცხადებულ ორთვიან კარანტინს აუქმებს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ზედიზედ ხუთი დღის განმავლობაში პროვინციაში COVID-19-ით დაავადების ახალი შემთხვევები აღარ დაფიქსირებულა. 

ხელისუფლების მიერ გავრცელებული განცხადებით, პროვინციის უმეტეს ნაწილში დაწესებული შეზღუდვები 25 მარტიდან მოიხსნება. 11-მილიონიან ქალაქ უხანში კი, სადაც გასული წლის დასასრულს კორონავირუსის პანდემია დაიწყო, კარანტინი 8 აპრილს გაუქმდება.  

► მაიკლ ლევიტი: კორონავირუსის პანდემია მალე დასრულდება

ხუბეის პროვინციაში მცხოვრები ადამიანები სამსახურებში დაბრუნებას შეძლებენ. აღდგება ტრანსპორტის მოძრაობა. რაც შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, იქ სასწავლო პროცესის აღდგენის თარიღი ვითარების შესაბამისად განისაზღვრება. ხელისუფლების განცხადებით, პროვინციის დატოვებისა და მის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მხოლოდ ჯანმრთელ მოქალაქეებს ექნებათ. 

ხუბეის პროვინციის დედაქალაქი უხანი კარანტინის დროს. ფოტო: CNN

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის 8 დეკემბერს გავრცელდა. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ხუბეის პროვინციაში ჯერ კიდევ 17 ნოემბერს აღინიშნა. 23 იანვარს იქ კარანტინი გამოცხადდა. გაუქმდა ფრენები და სახმელეთო ტრანსპორტის მოძრაობა, დაიხურა სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები.

► ყნოსვის დაკარგვა COVID-19-ის ერთ-ერთი სიმპტომია

80 ათასზე მეტი ადამიანის ინფიცირების შემდეგ, ჩინეთში დაავადების ახალი შემთხვევების რიცხვმა მკვეთრად იკლო. ამის მიუხედავად COVID-19 ქვეყანაში ჯერ საბოლოოდ დამარცხებული არ არის. თუმცა, ამ დროისთვის ის ძირითადად იმ მოქალაქეებს აღენიშნებათ, რომლებიც სამშობლოში უცხოეთიდან ბრუნდებიან. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 25 მარტიდან ყველა, ვინც ჩინეთის საზღვარს გადმოლახავს, ორკვირიან კარანტინში მოექცევა და სავალდებულო ტესტირებას დაექვემდებარება. 

კომენტარები

ბოლო ამბები