Thumbnail

პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდასტურდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრეს, 71 წლის პრინც ჩარლზს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ამის შესახებ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

სახელმწიფო ჯანდაცვის სამსახურის თაოსნობით უელსის პრინცს სამედიცინო შემოწმება 23 მარტს შოტლანდიაში ჩაუტარდა. მომდევნო დღეს კი ტესტის დადებითი პასუხი გახდა ცნობილი. ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რადგან დაავადება მძიმე სიმპტომების ფონზე არ მიმდინარეობს. ჩარლზი უკვე რამდენიმე დღეა თვითიზოლაციაში იმყოფება და დაკისრებულ მოვალეობებს საკუთარი სახლიდან ასრულებს.

► მონაკოს პრინცს კორონავირუსი დაუდასტურდა

ტესტირება ჩაუტარდა პრინც ჩარლზის ცოლს, კორნუოლის ჰერცოგინია კამილას, თუმცა, მას ვირუსი არ დაუდასტურდა. ბუკინგემის სასახლეში აღნიშნავენ, რომ თავს კარგად გრძნობს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორეც, რომელსაც შვილთან კონტაქტი ბოლოს 12 მარტს ჰქონდა.

უელსის პრინცი ჩარლზი ცოლთან, კორნუოლის ჰერცოგინია კამილასთან ერთად. ფოტო: Getty Images

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის 8 დეკემბერს გავრცელდა. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ხუბეის პროვინციაში ჯერ კიდევ 17 ნოემბერს აღინიშნა. დაავადების ადრეული სიმპტომები სიცხე, ხველება და გართულებული სუნთქვაა. საინკუბაციო პერიოდი 2-დან 14 დღემდეა, რაც ვირუსთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს.

► ჩინეთი კორონავირუსის გამო დაწესებულ კარანტინს აუქმებს

ჩინეთში 80 ათასზე მეტი ადამიანის ინფიცირების შემდეგ, ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება აღინიშნება. ანალოგიური ვითარებაა სამხრეთ კორეაშიც, სადაც ექიმებმა მოსახლეობის მასობრივი ტესტირების საშუალებით კორონავირუსის გავრცელების შეჩერება შეძლეს. ევროპაში პანდემიის მთავარი კერები იტალიასა და ესპანეთშია. ინფიცირებულთა რიცხვი დიდია ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, ირანსა და საფრანგეთში.

კომენტარები

ბოლო ამბები