Thumbnail

ესპანეთმა კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით ჩინეთს გადაუსწრო

ნინო გიორგობიანი

გასული დღე-ღამის განმავლობაში ესპანეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 3,434-ს მიაღწია. ქვეყანამ ამ მაჩვენებლით ჩინეთს გადაუსწრო და მოცემული დროისთვის იტალიის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. 

კორონავირუსით 47 ათასზე მეტი ესპანეთის მოქალაქეა ინფიცირებული. მათ შორის ყველაზე მეტი, 14 ათასი ადამიანი ქვეყნის დედაქალაქ მადრიდში. შექმნილი ვითარების გამო, ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა კარანტინის 2 კვირით გახანგრძლივება მოითხოვა.

► ჩინეთი კორონავირუსის გამო დაწესებულ კარანტინს აუქმებს

COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ესპანეთში 3 მარტს დაფიქსირდა, თუმცა, მომდევნო სამი კვირის განმავლობაში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი იქ იტალიასა და ჩინეთზე სწრაფად გაიზარდა.

"ჩვენ საკმარის შესაძლებლობებს არ ვფლობთ იმისთვის, რომ ამ რაოდენობით გარდაცვლილთა დასაფლავება და კრემაცია უზრუნველვყოთ", - განაცხადა მადრიდის მერმა, ლუის მარტინეს-ალმეიდამ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში. 

ესპანეთის დედაქალაქში მდებარე გიგანტურ საგამოფენო ცენტრში 1500-საწოლიანი
საველე საავადმყოფოა მოწყობილი, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, 5500-მდე პაციენტის მიღება შეუძლია. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა თქმით, კორონავირუსის პანდემიამ ქვეყანაში პიკს მიაღწია. უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება, გამოიღო თუ არა საყოველთაო კარანტინმა სასურველი შედეგი. 

კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელი ესპანეთში, ჩინეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში. ფოტო: Mail Online

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის 8 დეკემბერს გავრცელდა. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ხუბეის პროვინციაში ჯერ კიდევ 17 ნოემბერს აღინიშნა. დაავადების ადრეული სიმპტომები სიცხე, მშრალი ხველება და გართულებული სუნთქვაა. საინკუბაციო პერიოდი 2-დან 14 დღემდეა, მაგრამ დაფიქსირებულია 27-დღიანი ვადაც, რაც ვირუსთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს.

► ყნოსვის დაკარგვა COVID-19-ის ერთ-ერთი სიმპტომია

ჩინეთში 80 ათასზე მეტი ადამიანის ინფიცირების შემდეგ, ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება აღინიშნება. ანალოგიური ვითარებაა სამხრეთ კორეაშიც, სადაც ექიმებმა მოსახლეობის მასობრივი ტესტირების საშუალებით კორონავირუსის გავრცელების შეჩერება შეძლეს. მოცემული დროისთვის პანდემიის მთავარი კერა იტალიაშია. იქ უკვე ორჯერ მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ჩინეთში, დაავადებულთა რაოდენობა კი ამ ქვეყნის მაჩვენებლებს გაუთანაბრდა. ინფიცირებულთა რიცხვი დიდია ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესპანეთში, გერმანიაში, ირანსა და საფრანგეთში.

კომენტარები

ბოლო ამბები