Thumbnail

Huawei-მ P40 სერიის სმარტფონები წარადგინა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

კომპანიამ Huawei სამი ახალი სმარტფონი, P40, P40 Pro და P40 Pro Plus გამოუშვა. აღნიშნულ მოდელებს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების გამო Google-ის აპლიკაციებზე წვდომა არ ექნებათ, თუმცა, მომხმარებლებს Huawei App Gallery-თ სარგებლობა შეეძლებათ.

ახალი სერიის საბაზისო მოდელის, Huawei P40-ის ეკრანი 6.1 დიუმია. ის Leica-ს სამი უკანა კამერითაა აღჭურვილი, მათ შორის ერთი 50-მეგაპიქსელიანია. სმარტფონს ასევე 16-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხიანი კამერა და 8-მეგაპიქსელიანი 3x ოპტიკური ზუმის მქონე ტელეფოტო კამერაც აქვს. ელემენტის ტევადობა 3,800 mAh-ია, ოპერატიული მეხსიერება 8GB, შიდა მეხსიერება კი 128GB.

Huawei P40 Pro-ს ეკრანის ზომა 6.58 დუიმია. ისიც Leica-ს სამი უკანა კამერითაა აღჭურვილი. მათგან ერთ-ერთი 50-მეგაპიქსელიანია. ამ მოდელს ასევე 40-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხიანი კამერა და 12-მეგაპიქსელიანი 5x ოპტიკური ზუმის მქონე ტელეფოტო კამერა აქვს. ის ToF სენსორითააა გაუმჯობესებული, რომელიც გარჩევადობას ზრდის. ელემენტის ტევადობა 4,200 mAh-ია, ოპერატიული მეხსიერება 8GB, შიდა მეხსიერება კი 256GB.

Huawei P40 სერიის სმარტფონები. 

რაც შეეხება Huawei P40 Pro Plus-ს, მისი ეკრანის ზომა 6.58 დიუმია. სმარტფონი 50-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერით, 40-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხიანი კამერითა და 12-მეგაპიქსელიანი 10x ოპტიკური ზუმის მქონე კამერითაა აღჭურვილი, რასაც 8-მეგაპიქსელიანი 3x ზუმის მქონე ტელეფოტო კამერა და ToF სენსორი ემატება. ელემენტის მოცულობა 4,200 mAh-ია, ოპერატიული მეხსიერება 12GB, შიდა მეხსიერება კი 512GB.

სამივე მოდელში საერთოა 32-მეგაპიქსელიანი ორმაგი სელფის კამერა. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეულით 4K ვიდეოს გადაღება და ჩაწერაა შესაძლებელი. სმარტფონებს ახალი, უსწრაფესი 5G ინტერნეტის მხარდაჭერა ექნებათ,

Huawei P40-ისა და Huawei P40 Pro-ს შეძენა 7 აპრილიდან იქნება შესაძლებელი. საბაზისო მოდელის ფასი 799 ევრო იქნება, P40 Pro-ს კი, სავარაუდოდ, 999 ევრო ეღირება. Huawei P40 Pro Plus შედარებით გვიან, მიმდინარე წლის ივნისში იქნება ხელმისაწვდომი. ის 1,399 ევროდაა შეფასებული.

კომენტარები

ბოლო ამბები