Thumbnail

აშშ-მ კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლით ჩინეთსა და იტალიას გადაასწრო

გასული დღე-ღამის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 17 ათასზე მეტი ადამიანით გაიზარდა და საერთო ჯამში 85 ათასს გადააჭარბა. ქვეყანამ ამ მაჩვენებლით ჩინეთსა და იტალიას გადაუსწრო და მოცემული დროისთვის მსოფლიოში პირველ ადგილზეა. რაც შეეხება გარდაცვლილებს, მათი რაოდენობა აშშ-ში 1300-ს აღწევს.

ოთხშაბათს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, კორონავირუსის პანდემიის შემდეგი ცენტრი გახდებოდა. თუმცა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, მისი სურვილია, ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს აღდგომისთვის დაუბრუნდეს. 

► კარგი ამბები კორონავირუსის პანდემიის შესახებ

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის აშშ-ში კარანტინი მხოლოდ 27 შტატსა და ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეზღუდვებს სამიდან მხოლოდ ერთი ამერიკელი ექვემდებარება. ფედერალურმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს 15 დღის განმავლობაში სახლში დარჩენისა და სხვა ადამიანებთან კონტაქტის თავიდან არიდების რეკომენდაცია მისცა, თუმცა, მას სავალდებულო სახე არ აქვს. 

აშშ კორონავირუსის გავრცელების საწყის ფაზაში იმყოფება. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის მოსახლეობა ძალზე მრავალრიცხოვანია, ხოლო ქალაქები მჭიდროდ დასახლებული, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობა აქ სწრაფად გაიზრდება და მალე ჩინეთისა და იტალიის საერთო მაჩვენებელს გადაასწრებს. 

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ნიუ იორკის შტატშია, სადაც მათი რიცხვი თითქმის 40 ათასია. ფოტო: The New York Times.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის 8 დეკემბერს გავრცელდა. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ხუბეის პროვინციაში ჯერ კიდევ 17 ნოემბერს აღინიშნა. დაავადების ადრეული სიმპტომები სიცხე, მშრალი ხველება და გართულებული სუნთქვაა. საინკუბაციო პერიოდი კი 2-დან 14 დღემდეა, რაც ვირუსთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს.

ჩინეთში 80 ათასზე მეტი ადამიანის ინფიცირების შემდეგ, ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება აღინიშნება. ქვეყანამ ხუბეის პროვინციის დიდ ნაწილში კარანტინის გაუქმების შესახებ გამოაცხადა. ანალოგიური ვითარებაა სამხრეთ კორეაშიც, სადაც მოსახლეობის მასობრივი ტესტირებით კორონავირუსის გავრცელების შეჩერება შეძლეს. ევროპაში პანდემიის მთავარი კერები იტალიასა და ესპანეთშია, რომელთაგან თითოეულში დაავადებისგან უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ჩინეთში. ინფიცირებულთა რიცხვი დიდია ასევე გერმანიაში, ირანსა და საფრანგეთში. 

კომენტარები

ბოლო ამბები