Thumbnail

ნახეთ: იაპონელმა მამაკაცმა უსინათლო ცოლისთვის ათასობით ყვავილი დარგო

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

იაპონიის მიაძაკის პრეფექტურაში მდებარე ქალაქ შინტომში მცხოვრებმა ტოშიუკი კუროკიმ უსინათლო ცოლისთვის ვარდისფერი ფლოქსების ბაღი გააშენა, რომელსაც ყოველწლიურად ყვავილობის პერიოდში უამრავი ადამიანი სტუმრობს.

ტოშიუკიმ ყვავილების მოშენება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისმა ცოლმა, იასუკომ 52 წლის ასაკში დიაბეტთან დაკავშირებული გართულებების გამო მხედველობა დაკარგა. მამაკაცს სურდა, საყვარელი ადამიანისთვის, რომელიც სამყაროსგან იზოლირდა და სახლში გამოიკეტა, სიცოცხლის ხალისი დაებრუნებინა. ის ფიქრობდა, რომ ამაში იასუკოს თავისი საყვარელი ვარდისფერი ფლოქსების სურნელი დაეხმარებოდა.

ბაღის გაშენებას ტოშიუკიმ 2 წელი მოანდომა. მან საკუთარი ფერმის ტერიტორიაზე ათასობით ყვავილი დარგო და მათი საშუალებით შეძლო, ცოლი დეპრესიიდან გამოეყვანა.

 ტოშიუკი კუროკი ვარდისფერი ფლოქსების ბაღში. ფოტო: Yoshiyuki Matsumoto

ტოშიუკი და იასუკო 1956 წელს დაქორწინდნენ და წლების განმავლობაში საკუთარ ფერმაში ძროხების მოვლით იყვნენ დაკავებული. 30-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ცოლ-ქმარს მუშაობისგან დასვენება და იაპონიაში მოგზაურობა ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა, ამ გეგმის განხორციელება იასუკოს ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ მოხერხდა.

ბაღის გაშენების შემდეგ, ტოშიუკი კუროკიმ თვალწარმტაცი სანახაობის სხვებისთვის გაზიარებაც გადაწყვიტა. ასე იქცა შინტომში მდებარე პატარა ფერმა მიაძაკის პრეფექტურის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად. გაზაფხულობით, როდესაც ვარდისფერი ფლოქსები ყვავილობას იწყებს, მას ყოველდღურად 7 ათასამდე ადამიანი სტუმრობს. ვიზიტორები არა მხოლოდ იაპონიის სხვადასხვა ქალაქიდან, არამედ უცხოეთიდანაც ჩამოდიან და ნამდვილი სიყვარულით შთაგონებულ ბაღში არაჩვეულებრივი სურნელითა და ხედით ტკბებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები