Thumbnail

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. 55 წლის პოლიტიკოსის COVID-19-ზე ტესტირება ინგლისის მთავარი ექიმის, პროფესორ კრის უაითის რეკომენდაციით შედგა. პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის დაუნინგ სთრითზე მდებარე რეზიდენციაში იმყოფება და საკუთარი მოვალეობების შესრულებას განაგრძობს. 

► პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდასტურდა 

"უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ზომიერად გამოხატული სიმპტომები აღმომაჩნდა, ტესტირების შემდეგ კი ეს დაავადება დამიდგინდა. ახლა თვითიზოლაციაში ვარ, თუმცა, ვიდეოკონფერენციების საშუალებით მთავრობის ხელმძღვანელობას განვაგრძობ. ყველა ერთად ჩვენ ამ ვირუსს დავამარცხებთ", - განაცხადა ბორის ჯონსონმა დიაგნოზის გაგების შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის 8 დეკემბერს გავრცელდა. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ხუბეის პროვინციაში ჯერ კიდევ 17 ნოემბერს აღინიშნა. დაავადების ადრეული სიმპტომები სიცხე, მშრალი ხველება და გართულებული სუნთქვაა. საინკუბაციო პერიოდი კი 2-დან 14 დღემდეა, რაც ვირუსთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს.

ჩინეთში 80 ათასზე მეტი ადამიანის ინფიცირების შემდეგ, ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება აღინიშნება. ქვეყანამ ხუბეის პროვინციის დიდ ნაწილში კარანტინის გაუქმების შესახებ გამოაცხადა. ანალოგიური ვითარებაა სამხრეთ კორეაშიც, სადაც მოსახლეობის მასობრივი ტესტირებით კორონავირუსის გავრცელების შეჩერება შეძლეს.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ევროპაში კი პანდემიის მთავარი კერები იტალიასა და ესპანეთშია, რომელთაგან თითოეულში დაავადებისგან უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ჩინეთში. ინფიცირებულთა რიცხვი დიდია ასევე გერმანიაში, ირანსა და საფრანგეთში. 

კომენტარები

ბოლო ამბები