Thumbnail

ისლანდიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ნახევარს დაავადების სიმპტომები არ აქვს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ისლანდიაში კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის გზად ეპიდემიოლოგებმა მოსახლეობის მასობრივი ტესტირება აირჩიეს. მიმდინარე წლის თებერვლიდან მოწმდება ქვეყნის ყველა მოქალაქე იმის მიუხედავად, აქვს თუ არა დაავადების ნიშნები. ეს ექიმებს საშუალებას აძლევს, COVID-19 უსიმპტომო მსვლელობის დროსაც გამოავლინონ და ინფიცირებულთა მიერ ვირუსის გავრცელების რისკი შეამცირონ. 

ამ დროისთვის ისლანდიაში შემოწმება უკვე 15 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 4.25 პროცენტია. ეს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რეგისტრირებულია კორონავირუსით ინფიცირების 1020 შემთხვევა. საინტერესოა ის გარემოება, რომ დაავადებულთა თითქმის ნახევარს COVID-19-ის სიპტომები არ აღენიშნება. 

"ტესტირების შედეგად გამოვლინდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა დაახლოებით ნახევარს დაავადების ნიშნები არ აქვს, პაციენტების მეორე ნახევარში კი COVID-19 ზომიერი, გაციებისმაგვარი სიმპტომებით მიმდინარეობს", - აცხადებს ისლანდიის მთავარი ეპიდემიოლოგი, თოროლფურ გუდნასონი.

კორონავირუსის ტესტირებაზე მისული ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი თორლასიუს იოჰანესონი პირველ ლედისთან ერთად. ფოტო: Eggert Jóhannesson

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ისლანდიის გამოცდილება ძალზე მნიშვნელოვანია პანდემიასთან ბრძოლის ქმედითი მეთოდების განსასაზღვრად. ამ ქვეყნის მონაცემები იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ შემთხვევათა დიდ ნაწილში COVID-19 უსიმპტომოდ მიმდინარეობს და საყოველთაო ტესტირება, შესაძლოა, ეფექტური ხერხი იყოს კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

ამ მოსაზრებას ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე პატარა ქალაქის, ვოს მაგალითიც ამყარებს. ტესტირება მის მთელ მოსახლეობას - 3,300 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან 3 პროცენტს კორონავირუსი დაუდგინდა. ექიმების თქმით, ინფიცირებულთა უმეტესობას COVID-19-ის სიმპტომები არ აღენიშნებოდა. დაავადებულთა იზოლაციისა და ორკვირიანი კარანტინის შემდეგ მოსახლეობის განმეორებითი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ვირუსის გავრცელება ქალაქში 90 პროცენტით შემცირდა.

► მაიკლ ლევიტი: კორონავირუსის პანდემია მალე დასრულდება

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის 8 დეკემბერს გავრცელდა. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ხუბეის პროვინციაში ჯერ კიდევ 17 ნოემბერს აღინიშნა. დაავადების ადრეული სიმპტომები სიცხე, მშრალი ხველება და გართულებული სუნთქვაა. საინკუბაციო პერიოდი კი 2-დან 14 დღემდეა, რაც ვირუსთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს.

ჩინეთში 80 ათასზე მეტი ადამიანის ინფიცირების შემდეგ, ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება აღინიშნება. ქვეყანამ ხუბეის პროვინციის დიდ ნაწილში კარანტინის გაუქმების შესახებ გამოაცხადა. ანალოგიური ვითარებაა სამხრეთ კორეაშიც, სადაც მოსახლეობის მასობრივი ტესტირებით კორონავირუსის ფართოდ გავრცელების შეჩერება შეძლეს.

მოცემული დროისთვის პანდემიის მთავარი კერა ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელიც ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ევროპაში დაავადებულთა ყველაზე დიდი რიცხვი იტალიასა და ესპანეთშია, რომელთაგან თითოეულში COVID-19-ით უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ჩინეთში. ინფიცირებულთა რიცხვი დიდია ასევე გერმანიაში, საფრანგეთსა და ირანში.

კომენტარები

ბოლო ამბები