Thumbnail

მდედრობითი სქესის ძუძუმწოვრები მამრებზე დიდხანს ცოცხლობენ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

საფრანგეთის, ფინეთის, დანიის, ახალი ზელანდიის, უნგრეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის სამეცნიერო დაწესებულებებში მომუშავე მკვლევარებმა გარეული ცხოველების სიცოცხლის ხანგრძლივობის შესწავლისას დაადგინეს, რომ სახეობათა უმეტესობაში მდედრობითი სქესის წარმომადგენლები მამრებზე დიდხანს ცოცხლობენ.

მათი ნაშრომი ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა აკადემიის გამოცემაში გამოქვეყნდა. მკვლევარების მიერ ცხოველთა 101 სხვადასხვა სახეობის შესახებ შეგროვებული მონაცემების გააანალიზებამ აჩვენა, რომ შემთხვევათა 60 პროცენტში მდედრი ძუძუმწოვრების სიცოცხლის ხანგრძლივობა მამრებისას საშუალოდ 18.6 პროცენტით აღემატება. აღსანიშნავია, რომ ადამიანების შემთხვევაშიც იგივე ტენდენცია შეინიშნება. ქალები მამაკაცებთან შედარებით 7.8 პროცენტით დიდხანს ცოცხლობენ.

მამრებზე გაცილებით მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობა ახასიათებთ მდედრობითი სქესის ცხვრებს, თოვლა თხებს, ლომებს, გრძელყურა ღამურებს, მონღოლურ ძერენებსა და თეთრთათა თაგვებს. საპირისპიროდ, მდედრებზე დიდხანს ცოცხლობენ ისეთი სახეობების წარმომადგენელი მამრები, როგორიცაა ევროპული ბოცვერი, გარეული ღორი, წითური ლემური, თეთრი სიფაკა, აფრიკული კამეჩი და დალის ზღვის ღორი.

თოვლა თხა ერთ-ერთი ის სახეობაა, რომლის წარმომადგენელი მდედრები მამრებზე დიდხანს ცოცხლობენ. ფოტო: Eivor Kuchta

მკვლევართა დასკვნით, მამრი ძუძუმწოვრების უფრო ხანმოკლე სიცოცხლის ხანგრძლივობას არა მათი უფრო სწრაფი დაბერება, არამედ მდედრებთან შედარებით გაცილებით მაღალი სიკვდილიანობა განაპირობებს. უმეტეს შემთხვევებში ისინი მტაცებლების თავდასხმისას ან გარემო პირობების გამო იღუპებიან. მაგალითისთვის, ზამთარში საკვების ნაკლებობისას დიდწონიანი მამრი ძუძუმწოვრები დახარჯული ენერგიის აღდგენას ვერ ახერხებენ, მაშინ, როდესაც მდედრები ამისთვის ბევრად მცირე რესურსს საჭიროებენ. ისინი გაცილებით მოწყვლადები არიან ტემპერატურის ცვლილებების, სხვადასხვა სახის პარაზიტებისა თუ დაავადებებისადმი.

ადრე მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ მამრი ცხოველების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე უარყოფით გავლენას ისეთი ფაქტორები ახდენდა, როგორიცაა, მაგალითად, აგრესიული ქცევა შეჯვარების პერიოდში, რაც მეტოქესთან ბრძოლისას დაშავების რისკს ზრდის. მკვლევართა გუნდი ძუძუმწოვართა უკეთ შესწავლას გეგმავს. მათ კონკრეტული სახეობების იმ წარმომადგენლების შედარება სურთ, რომელთა ერთი ნაწილი ველურ პირობებში ბინადრობს, მეორე კი ზოოპარკში.

კომენტარები

ბოლო ამბები