Thumbnail

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინამ, შესაძლოა, COVID-19-ისგან დაგვიცვას

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი
  • BCG, იგივე კალმეტისა და გერენის ბაცილა, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაა, რომელიც ამ დაავადებისგან თავდასაცავად 1920-იანი წლებიდან გამოიყენება.
  • ტუბერკულოზის გარდა, BCG ეფექტურია კეთრის, ასევე ბურულის წყლულისა და სხვა არატუბერკულოზური მიკრობაქტერიოზების წინააღმდეგ. გამოიყენება აგრეთვე შარდის ბუშტის კიბოს მკურნალობისას.
  • საქართველოში ახალშობილთა საყოველთაო BCG ვაქცინაცია 1962 წლიდან დაინერგა.

ნიუ იორკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ოსტეოპათიური მედიცინის კოლეჯში მომუშავე ბიომედიკოსებმა წარმოადგინეს კვლევა, რომლის მიხედვითაც ქვეყნებში, რომლებშიც უკვე ბევრი წელია, ტუბერკულოზის საყოველთაო ვაქცინაციაა დანერგილი, კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი უფრო ნაკლებია, ვიდრე იქ, სადაც BCG მასობრივად არ გამოიყენება.

ისლანდიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ნახევარს დაავადების სიმპტომები არ აქვს

მკვლევარებმა ქვეყნები, რომლებსაც ტუბერკულოზის საყოველთაო ვაქცინაციისთვის არასდროს მიუმართავთ (იტალია, აშშ, ლიბანი, ნიდერლანდები და ბელგია), შეადარეს სახელმწიფოებს, სადაც მოცემული დროისთვის საყოველთაო ვაქცინაციის პროგრამები მოქმედებს. ამასთანავე, მხედველობაში მიღებული იქნა მხოლოდ იმ ქვეყნების მონაცემები, სადაც ერთ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

იაპონიაში, სადაც ტუბერკულოზის საყოველთაო ვაქცინაციის პროგრამა 1947 წლიდან დაიწყო, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ჯერ კიდევ 14 იანვარს დაფიქსირდა. თუმცა, დღეისთვის იქ მხოლოდ 2 ათასამდე დაავადებული და 56 გარდაცვლილია რეგისტრირებული. COVID-19-ით სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბრაზილიაშიც, სადაც მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაცია 1967 წლიდან ხდება.

საყოველთაო BCG ვაქცინაცია ქვეყნების მიხედვით. А:  ქვეყნები, სადაც საყოველთაო ვაქცინაციის პროგრამა მოქმედებს, B: ქვეყნები, სადაც საყოველთაო ვაქცინაციის პროგრამა მოქმედებდა, მაგრამ მოცემული დროისთვის შეჩერებულია, C: ქვეყნები, სადაც საყოველთაო ვაქცინაცია არასდროს მომხდარა. ფოტო: PLoS

ამ დროისთვის 100 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული და 11 ათასზე მეტი დაღუპული იტალიაში, სადაც ტუბერკულოზის საყოველთაო ვაქცინაციის პროგრამა არასდროს დანერგილა. ირანში საყოველთაო BCG ვაქცინაცია მხოლოდ 1984 წელს დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ შეხებია 36 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებს. მილიონ მაცხოვრებელზე გადათვლით, კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამ ქვეყანაში დაახლოებით ასჯერ მაღალია, ვიდრე იაპონიაში.

ესპანეთში ტუბერკულოზის საყოველთაო ვაქცინაცია 1965 წელს დაიწყო, თუმცა, მხოლოდ 16 წლის განმავლობაში, 1981 წლამდე გაგრძელდა. კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს. მილიონ ადამიანზე გადათვლით ათჯერ ნაკლებია მსხვერპლი დანიაში, სადაც საყოველთაო ვაქცინაცია 1946 წელს დაიწყო და 40 წლის განმავლობაში, 1986 წლამდე გაგრძელდა.

ჩინეთში საყოველთაო ვაქცინაცია 1950-იანი წლებიდან დაინერგა, თუმცა, კულტურული რევოლუციის დროს (1966-1976 წლებში) იქ ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობის ცენტრები დაიხურა. ამით, მკვლევართა აზრით, შესაძლოა, აიხსნას ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლები.

ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიუხედავად, ხელშესახები მტკიცებულებები, რომ BCG ვაქცინაცია კორონავირუსის წინააღმდეგ მოქმედებს, არ არსებობს. თუმცა, მოცემული დროისთვის ავსტრალიაში, ნიდერლანდებში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში ტარდება ცდები, რომელთა მიზანი ამ ჰიპოთეზის შემოწმებაა.

კომენტარები

ბოლო ამბები