Thumbnail

ნიდერლანდებში მუზეუმიდან ვან გოგის ნახატი მოიპარეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ნიდერლანდების ქალაქ ლარენში კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი ზინგერის მუზეუმიდან ვინსენტ ვან გოგის ნახატი "გაზაფხულის ბაღი" მოიპარეს. მომხდარის შესახებ დაწესებულების ხელმძღვანელობამ განაცხადა.

ცნობილი ფერმწერის მიერ 1884 წელს შექმნილ ტილოზე ნუენენში მცხოვრები ვიკარიუსის ბაღია გამოსახული. ექსპერტების შეფასებით, ნამუშევრის ღირებულება 5 მილიონ დოლარს აღწევს. ის ზინგერ ლარენის მუზეუმს გამოსაფენად კიდევ ერთი ნიდერლანდური ქალაქის, გრონინგენის მუზეუმმა გადასცა.

"გაზაფხულის ბაღი" ვან გოგის ერთადერთი ნახატია ჩვენს კოლექციაში. შოკირებული ვართ მომხდარით. მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ინტერესებშიც სხვა ინფორმაციას ვერ მოგაწვდით", - ვკითხულობთ გრონინგენის მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვინსენტ ვან გოგის ნახატი "გაზაფხულის ბაღი". ფოტო: Groninger Museum

ქურდებმა მუზეუმის მინის კარი 29 მარტის 3:15 საათზე შეამტვრიეს. პოლიცია დანაშაულის ადგილისკენ სიგნალიზაციის ამოქმედებისთანავე გაეშურა, თუმცა, კანონდამრღვევებმა მოპარული ტილოთი მიმალვა მოასწრეს. მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხებიან ადგილობრივი მაცხოვრებლები. ამოღებულია და ანალიზდება სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. მუშაობს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს სამართალდამცველებისთვის დამნაშავეთა შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ.

ეს ზინგერ ლარენის მუზეუმში ქურდობის პირველი შემთხვევა არ არის. 2007 წელს დაწესებულების ბაღიდან შვიდი სკულპტურა, მათ შორის როდენის "მოაზროვნის" ერთ-ერთი ასლიც მოიპარეს, რომელიც მოგვიანებით დაზიანებული იპოვეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები