Thumbnail

ბრიტანეთში ზოოპარკის 4 თანამშრომელი კარანტინს ცხოველებთან ერთად გაატარებს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დიდ ბრიტანეთში მდებარე პარადაიზ პარკის ნაკრძალის ოთხი თანამშრომელი კორონავირუსის პანდემიის გამო დახურული ზოოპარკის ბინადრებთან ერთად იცხოვრებს. იზი უითლი, სარა-ჯეინ ჯილბერთი, ემილი ფოდენი და ლეილა რიჩარდსონი 3 თვეს კარანტინში მყოფი ოჯახის წევრებისგან მოშორებით, ნაკრძალის ტერიტორიაზე გაატარებენ და იქ მყოფ გარეულ ცხოველებს მოუვლიან. 

მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფთა კვებისა და დასუფთავების გარდა, პერსონალის ამოცანა ცხოველებისთვის ჩვეული რეჟიმის შენარჩუნება იქნება. მაგალითისთვის, პინგვინებს ყოველდღე 11 და 3 საათზე აჭმევენ და რადგან დროის ამ მონაკვეთში მათ გამოკვებაში ზოოპარკის სტუმრებიც იღებენ მონაწილეობას, მომვლელებს ძუძუმწოვრების წინაშე ვიზიტორთა როლის შესრულება მოუწევთ.

"პინგვინებს უკვე ენატრებით! ყოველდღიური რუტინის შესანარჩუნებლად, მომვლელები მათ ისევ ჩვეულ დროს აჭმევენ და ფოტოსესიებსაც უწყობენ. ამ სურათზე პატარა პინგვინი სახელად მილდრედია აღბეჭდილი. მის გვერდით მდგომი სარა კი ცხოველის გამოკვებაში მონაწილეობის მისაღებად რეიჩელსა და ემილის შორის ერთ-ერთის არჩევას ცდილობს. ისინი ვიზიტორების როლს თამაშობენ და სარას ხელის აწევით ანიშნებენ, რომ არჩევანი მათზე შეაჩეროს", - ვკითხულობთ ნაკრძალის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

The penguins miss you all already! To keep the penguins in their routines, the keepers are still doing Penguin feeding...

Posted by Paradise Park on Saturday, March 21, 2020

 

► ნახეთ: პანდემიის გამო დაკეტილ აკვარიუმში პინგვინები სასეირნოდ გაუშვეს

კორნუოლის საგრაფოს ტერიტორიაზე მდებარე ნაკრძალში, რომელიც 1973 წლიდან ფუნქციონირებს, რამდენიმე სახეობის იშვიათი ცხოველი და ფრინველი ბინადრობს. მათ შორისაა ფლამინგოები, თუთიყუშები, წითელი პანდები, ციყვები, კურდღლები და სხვა. კორონავირუსისგან პანდემიის გამო ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს ზოოპარკი მუშაობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებასა და მნახველების მიღებას, თუმცა, პერსონალი პარადაიზ პარკში დარჩენას იმდენ ხანს აპირებს, რამდენიც საჭირო იქნება ცხოველების სათანადო მოვლის უზრუნველსაყოფად.

კომენტარები

ბოლო ამბები