Thumbnail

იტალიაში COVID-19-ის პანდემიის დასრულებას მაისში ვარაუდობენ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

იტალიის ეინაუდის ეკონომიკისა და ფინანსების ინსტიტუტის კვლევითმა ცენტრმა, კორონავირუსის გავრცელების შესახებ მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში პანდემიის დასრულების სავარაუდო თარიღები დაადგინა.

გამოცემაში Corriere della Sera გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, პირველი რეგიონი, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი ნულს გაუტოლდება, ტრენტინო-ალტო ადიჯე იქნება. მეცნიერთა აზრით, ეს მიმდინარე წლის 6 აპრილს მოხდება. 17 აპრილიდან ინფიცირების ნულოვან მაჩვენებელს პროგნოზირებენ კალაბრიაში. ლომბარდიაში, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია, დაავადების ახალი შემთხვევები 22 აპრილიდან აღარ დაფიქსირდება. ყველაზე გვიან, 5 მაისს კი COVID-19-ს თავს ტოსკანა დააღწევს.

ლომბარდიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების კლების გრაფიკი თვეების მიხედვით. ფოტო: Einaudi Institute for Economics and Finance

რაც შეეხება იტალიის სხვა რეგიონებს, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ლიგურიაში, უმბრიასა და ბაზილიკატაში 7 აპრილს, ვალე-დ’აოსტაში კი 8 აპრილს განულდება. მომდევნო დღეს იგივე მოხდება აპულიაში, 10 აპრილს კი ფრიული-ვენეცია ჯულიაში. 11 აპრილს მათ აბრუცო დაემატება, ხოლო 14-ში სიცილია და ვენეტო. 15-დან 28 აპრილამდე პანდემიის დასრულებას პიემონტში, ლაციოში, კამპანიასა და ემილია-რომანიაშიც უნდა ველოდოთ.

მონაცემთა ანალიზისას მკვლევარებმა ყურადღება ინფიცირებულთა ამჟამინდელ რაოდენობაზე, ახალ დადასტურებულ შემთხვევებზე, ასევე დაავადებულთა, გამოჯანმრთელებულთა და დაღუპულთა საერთო რაოდენობაზე გაამახვილეს. მათი თქმით, ეს გამოთვლები უპირობოდ ზუსტი არაა, რადგან მოვლენების დინამიკა სხვადასხვა გაუთვალისწინებელმა ფაქტორმა შეიძლება შეცვალოს. თუმცა, თუ ყველაფერი მათი პროგნოზის მიხედვით მოხდება, იტალია კორონავირუსს 5-7 კვირაში დაამარცხებს.

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინამ, შესაძლოა, COVID-19-ისგან დაგვიცვას

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის 8 დეკემბერს გავრცელდა. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ხუბეის პროვინციაში ჯერ კიდევ 17 ნოემბერს აღინიშნა. დაავადების ადრეული სიმპტომები სიცხე, მშრალი ხველება და გართულებული სუნთქვაა. საინკუბაციო პერიოდი კი 2-დან 14 დღემდეა, რაც ვირუსთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს.

ჩინეთში 80 ათასზე მეტი ადამიანის ინფიცირების შემდეგ, ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება აღინიშნება. ქვეყანამ ხუბეის პროვინციის დიდ ნაწილში კარანტინის გაუქმების შესახებ გამოაცხადა. ანალოგიური ვითარებაა სამხრეთ კორეაშიც, სადაც მოსახლეობის მასობრივი ტესტირებით კორონავირუსის ფართოდ გავრცელების შეჩერება შეძლეს. მოცემული დროისთვის პანდემიის მთავარი კერა ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელიც ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ევროპაში კი დაავადებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა იტალიასა და ესპანეთშია. ინფიცირებულთა მაჩვენებელი მაღალია ასევე გერმანიაში, საფრანგეთსა და ირანში.

კომენტარები

ბოლო ამბები