Thumbnail

თურქმენეთის პრეზიდენტმა სიტყვა "კორონავირუსი" აკრძალა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

თურქმენეთის პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა სიტყვა "კორონავირუსის" ხსენება აკრძალა. მის გამოყენებას ვეღარ შეძლებს მედია და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე დაწესებულებები. ის იმ საინფორმაციო ბროშურებიდაც ამოიღეს, რომლებსაც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო სკოლებში, საავადმყოფოებსა თუ სხვადასხვა სამსახურებში აგზავნის.

ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RFS) ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქმენეთის ხელისუფლების ეს ნაბიჯი კორონავირუსის პანდემიის შესახებ ინფორმაციის დამალვას ემსახურება, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ამ ქვეყნის მოქალაქეებს.

ნახეთ: თურქმენეთის პრეზიდენტმა საყვარელ ცხენზე გარეპა

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვს ავტორიტარული მმართველობის დამყარებაში ადანაშაულებენ და ცივილიზებულ მსოფლიოს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ქვეყნის დედაქალაქ აშხაბადში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ავტობუსების გაჩერებებსა თუ მაღაზიის რიგებში სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული პოლიციელები მოსახლეობის საუბრებს უსმენენ და აკავებენ ყველას, ვინც აკრძალულ სიტყვას წარმოთქვამს.

თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი. ფოტო: Кisa Кuyruk

თურქმენეთის ხელისუფლება ცენტრალური აზიის ამ სახელმწიფოში კორონავირუსის გავრცელებას უარყოფს. თუმცა, ამის მიუხედავად, მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივი პრევენციული ღონისძიებები ტარდება. ქუჩაში მყოფ მოქალაქეებს ტემპერატურას უმოწმებენ, ხალხმრავალ ადგილებში კი დეზინფექციისთვის სველ ხელსახოცებს არიგებენ. ნაწილობრივ შეზღუდულია გადაადგილება დასახლებულ პუნქტებს შორის. უცხოეთში მყოფი თურქმენეთის მოქალაქეები კი სამშობლოში სპეციალური ავიარეისებით ბრუნდებიან.

თურქმენეთის პრეზიდენტმა საახალწლოდ ერთსაათიანი დიჯეი სეტი შეასრულა

62 წლის გურბანგული ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთს 2006 წლიდან მართავს. ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც ამავდროულად მედიცინისა და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი და აკადემიკოსია, "არკადაგის" ტიტულს ატარებს, რაც ადგილობრივ ენაზე "დასაყრდენსა და იმედს" ნიშნავს. ეს ტერმინი მხოლოდ თურქმენეთის მეორე პრეზიდენტის პატივსაცემად გამოიყენება. მედიის თავისუფლების მაჩვენებლით თურქმენეთი ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანაა, საინფორმაციო საშუალებებს იქ ხელისუფლება აკონტროლებს, ინტერნეტში კი ცენზურა მოქმედებს.

კომენტარები

ბოლო ამბები