Thumbnail

გერმანიის ერთ-ერთ რეგიონს COVID-19-ის კვლევით ლაბორატორიად აქცევენ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

გერმანიის ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის მხარეში მდებარე ჰაინსბერგის ოლქში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ის პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა, მეცნიერები უპრეცედენტო კვლევას აწარმოებენ, რომლის მიზანიც კორონავირუსის გავრცელების მექანიზმისა და მისი შეჩერებისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრაა.

იტალიაში COVID-19-ის პანდემიის დასრულებას მაისში ვარაუდობენ

უახლოესი კვირების განმავლობაში, ბონის უნივერსიტეტის წამყვანი ვირუსოლოგი, ჰენდრიკ შტრეეკი და მისი 40 სტუდენტი "გერმანიის უხანად" წოდებულ რეგიონში, სადაც ამ დროისთვის დაავადების 1200-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, COVID-19-ის კლასტერულ კვლევას ჩაატარებენ.

ისინი ჰაინსბერგში მცხოვრებ 500-ზე მეტ ოჯახს, საბავშვო ბაღებსა და საავადმყოფოებს ყოველდღიურად დააკვირდებიან და კორონავირუსის გავრცელების გზებს შეისწავლიან. მათ შორის, ბავშვებიდან მოზრდილებზე გადაცემის, მობილური ტელეფონებიდან, კარის სახელურებიდან, ჭურჭლიდან თუ ტელევიზორის პულტებიდან, ასევე შინაური ცხოველებისგან ინფიცირების შესაძლებლობებს. კვლევაში მონაწილეობას ათასი ადამიანი მიიღებს.

"კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეგვეძლება, გავცეთ რეკომენდაციები, რომელთა საფუძველზეც პოლიტიკოსები კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ ის ღონისძიებები, რომლებიც დღეს ამ მიმართულებით ხორციელდება, სწორია, თუმცა, მე საპირისპიროს ველი", - აცხადებს ჰენდრიკ შტრეეკი.

ჰეინსბერგის ოლქში მდებარე ქალაქ განგელტში განლაგებული COVID-19-ის ტესტირების მობილური სადგური. ფოტო: Reuters

ვირუსოლოგის თქმით, ჰაინსბერგში შეგროვებული მონაცემების წყალობით, ცნობილი გახდება, როგორ ვრცელდება კორონავირუსი, რაც მის შესაჩერებლად პრაქტიკული გამოსავლის მოძებნაში დაგვეხმარება. აქედან გამომდინარე, აღნიშნული კვლევა არა მხოლოდ გერმანიისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის შეიძლება აღმოჩნდეს.

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინამ, შესაძლოა, COVID-19-ისგან დაგვიცვას

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის 8 დეკემბერს გავრცელდა. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ხუბეის პროვინციაში ჯერ კიდევ 17 ნოემბერს აღინიშნა. დაავადების ადრეული სიმპტომები სიცხე, მშრალი ხველება და გართულებული სუნთქვაა. საინკუბაციო პერიოდი კი 2-დან 14 დღემდეა, რაც ვირუსთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს.

ჩინეთში 80 ათასზე მეტი ადამიანის ინფიცირების შემდეგ, ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება აღინიშნება. ქვეყანამ ხუბეის პროვინციის დიდ ნაწილში კარანტინის გაუქმების შესახებ გამოაცხადა. ანალოგიური ვითარებაა სამხრეთ კორეაშიც, სადაც მოსახლეობის მასობრივი ტესტირებით კორონავირუსის ფართოდ გავრცელების შეჩერება შეძლეს. მოცემული დროისთვის პანდემიის მთავარი კერა ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელიც ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ევროპაში კი დაავადებულთა და გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რიცხვი იტალიასა და ესპანეთშია. 

კომენტარები

ბოლო ამბები