Thumbnail

ფოტოგრაფმა ნიუ იორკის ცაზე ჩამწკრივებული მარსი, იუპიტერი და სატურნი გადაიღო

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ნიუ იორკში მცხოვრებმა მოყვარულმა ფოტოგრაფმა, ალექსანდერ კრივენიშევმა ქალაქის ცაზე ერთ ხაზზე განლაგებული სამი პლანეტა - მარსის, იუპიტერი და სატურნი გადაიღო.

კრივენიშევმა მზის სისტემაში შემავალი სამი ციური სხეული მანჰეტენის თავზე 26 მარტს გამთენიისას დააფიქსირა. ამ დროს სატურნი მარსისგან 3.5 გრადუსით მარცხნივ იყო განლაგებული, იუპიტერი კი 3.4 გრადუსით მარჯვნივ.

"20 წელზე უმცროს არცერთ ადამიანს ეს სამი პლანეტა ერთმანეთთან ასე ახლოს არასდროს უნახავს", - განაცხადა ფოტოგრაფმა.

ნიუ იორკის ცაზე ჩამწკრივებული პლანეტები მარსი, იუპიტერი და სატურნი

ფოტო: Alexander Krivenyshev

ნიუ იორკის ცაზე ჩამწკრივებული პლანეტები მარსი, იუპიტერი და სატურნი

ფოტო: Alexander Krivenyshev

სამხრეთ-აღმოსავლეთის ცაზე პლანეტები ერთ ხაზზე მარტის დასაწყისში განლაგდნენ. იუპიტერი მარსისა და სატურნისგან თანაბარ მანძილზე, 8 გრადუსით იყო დაშორებული. თუმცა, შემდეგ დღეებში წითელმა პლანეტამ აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან სატურნთან და იუპიტერთან შედარებით, საკუთარ ორბიტაზე ბევრად სწრაფად გადაადგილდება. შედეგად, ცაზე პლანეტების განლაგება შეიცვალა. 26 მარტს კი ციური სხეულები კვლავ წრფეზე ჩამწკრივდნენ. ამჯერად ერთმანეთთან გაცილებით ახლოს. იუპიტერსა და სატურს შორის მინიმალური დაშორება 6.5 გრადუსს შეადნენდა, მათ შორის კი მარსი იყო მოქცეული.

აპრილში დედამიწას გიგანტური ასტეროიდი მოუახლოვდება

ცაზე სამი და მეტი პლანეტის ამგვარი ახლო განლაგება საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. უკანასკნელი 500 წლის განმავლობაში მარსი, იუპიტერი და სატურნი ცაზე ერთმანეთის გვერდით სულ რვაჯერ აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ძველი წელთაღრიცხვის 6 წლის 25 თებერვლით თარიღდება. არსებობს მოსაზრება, რომ მოგვების მიერ შენიშნული ბეთლემის ვარსკვლავი, რომელმაც ბიბლიური ლეგენდის თანახმად მათ იესო ქრისტეს დაბადების ადგილზე მიანიშნა, სწორედ ამ ფენომენს უკავშირდება. თუმცა, ასტრონომები აცხადებენ, რომ პლანეტები ერთმანეთთან ისე ახლოს ვერაფრით განლაგდებოდნენ, რომ ვინმეს ისინი ერთ ციურ სხეულად მიეჩნია.

კომენტარები

ბოლო ამბები