Thumbnail

აშშ ჩინეთს COVID-19-ის სტატისტიკის გაყალბებაში ადანაშაულებს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურმა თეთრ სახლს წარუდგინა ანგარიში, რომლის მიხედვით ჩინეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რეალურ რაოდენობას მალავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ანგარიში წინა კვირაში მიიღო. საიდუმლო დოკუმენტის დეტალები ამ დრომდე უცნობია. თუმცა ხელისუფლებასთან დაკავშირებული სამი სხვადასხვა ანონიმური წყაროს ცნობით, ის შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩინეთის მიერ COVID-19-ის შესახებ გამოქვეყნებული სტატისტიკა არასრული და ყალბია.

აშშ-ის ოფიციალური პირების მხრიდან ჩინეთის მიერ ინფორმაციის დამალვის შესახებ უკვე არაერთი განცხადება გაკეთდა. მათ შორის იყო პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელმაც კორონავირუსის თავდაპირველი ეპიცენტრიდან გაჟღერებულ რიცხვებს "შემსუბუქებული" უწოდა. ეჭვს იწვევს აგრეთვე COVID-19-ის გავრცელების დაწყების თარიღი. ჩინეთის მიერ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის მიწოდებული მონაცემებით, ინფიცირების პირველი შემთხვევა ქალაქ უხანში 2019 წლის 8 დეკემბერს დაფიქსირდა, თუმცა არსებობს მტკიცებულებები, რომ კორონავირუსით ხუბეის პროვინციაში მცხოვრები მამაკაცი ჯერ კიდევ 17 ნოემბერს დაავადდა.

"ყველაფერი გაცილებით უკეთ იქნებოდა, ჩინეთს კორონავირუსის გავრცელების შესახებ დროულად რომ განეცხადებინა. ახლა უკვე ცხადია, რომ ეპიდემია იქ გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე მსოფლიო ერთი თვის დაგვიანებით, დეკემბერში შეიტყობდა, რომ ქვეყანა მსგავს პრობლემას უმკლავდებოდა", - განაცხადა ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა.

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი მაიკლ პენსი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად COVID-19-თან დაკავშირებით მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე. ფოტო: Michael Brochstein

ეჭვის საბაბს ის გარემოებაც იძლევა, რომ ჩინეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა დათვლის მეთოდოლოგიას გამუდმებით ცვლიდა და უსიმპტომო შემთხვევებს კვირების განმავლობაში არ აღრიცხავდა. 1500-ზე მეტი ასეთი პაციენტი დაავადებულთა საერთო რაოდენობას მოგვიანებით, ერთ დღეში დაემატა. ხუბეის პროვინციაში მცხოვრები ადამიანების მონათხრობით კი, კრემატორიუმები იქ დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და თითოეულ დაწესებულებაში ყოველდღიურად 3-დან 5 ათასამდე ფერფლის შესანახი ურნა იგზავნებოდა.

ჩინეთის ხელისუფლება წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს. ოფიციალური პეკინის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 80 ათასზე მეტი ადამიანის ინფიცირების შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსით დაავადების ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება აღინიშნება. ხუბეის პროვინციის დიდ ნაწილში კარანტინის გაუქმების შესახებაც კი გამოცხადდა. მოცემული დროისთვის პანდემიის მთავარი კერა ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელიც ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ევროპაში კი დაავადებულთა ყველაზე დიდი რიცხვი იტალიასა და ესპანეთშია.

კომენტარები

ბოლო ამბები