Thumbnail

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილია 51 ათასზე მეტი ადამიანი. სრულად გამოჯანმრთელდა 210 ათასი, მკურნალობას კი გადის 738 ათასი პაციენტი. მათგან 5 პროცენტის მდგომარება რთული ან კრიტიკულია. COVID-19 უკვე 204 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის 8 დეკემბერს გავრცელდა. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, დაავადების პირველი შემთხვევა ხუბეის პროვინციაში ჯერ კიდევ 17 ნოემბერს აღინიშნა. 80 ათასზე მეტი ადამიანის ინფიცირების შემდეგ, ქვეყანაში ახალმა შემთხვევებმა მკვეთრად იკლო, ამიტომ ხუბეის დიდ ნაწილში კარანტინის გაუქმება გადაწყდა. ჩინეთს კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რეალური რაოდენობის დამალვაში ადანაშაულებენ, თუმცა იქ ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და უარყოფენ.

ამჟამად პანდემიის ეპიცენტრი ამერიკის შეერთებულ შტატებია, სადაც ამ დროისთვის დაავადებულთა რიცხვმა 235 ათასს გადააჭარბა, გარდაიცვალა 5 ათასზე მეტი ადამიანი. ევროპაში ყველაზე მეტად იტალია და ესპანეთი დაზარალდა. ორივე ქვეყანაში მკაცრი კარანტინია დაწესებული. ინფიცირებულთა რაოდენობა თითოეულში 100 ათასზე მეტია. ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი ადამიანი კორონავირუსს სწორედ იტალიაში ემსხვერპლა. გარდაცვლილთა რიცხვი იქ 14 ათასს აღწევს. რაც შეეხება ესპანეთს, COVID-19-მა ამ ქვეყნის 10 ათასზე მეტი მოქალაქე შეიწირა.

იტალიაში COVID-19-ის პანდემიის დასრულებას მაისში ვარაუდობენ

ინფიცირებულთა მაჩვენებელი მაღალია ასევე გერმანიაში, საფრანგეთში, ირანსა და დიდ ბრიტანეთში, სადაც კორონავირუსი პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონსა და გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრეს, პრინც ჩარლზს დაუდგინდა.

დაავადებასთან ბრძოლის წარმატებული მაგალითი სამხრეთ კორეაა. COVID-19-ის პირველი შემთხვევა იქ 20 იანვარს დაფიქსირდა. მოკლე დროში ინფიცირებულთა რიცხვი სწრაფად გაიზარდა, თუმცა ექიმებმა მოსახლეობის მასობრივი ტესტირების საშუალებით კორონავირუსის გავრცელების შეჩერება მოახერხეს. 6 ათასამდე პაციენტი ქვეყანაში უკვე სრულად გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა რაოდენობა იქ დღეისთვის 4 ათასზე ნაკლებია.

მოსახლეობის მასობრივი ტესტირება აირჩიეს კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიად ისლანდიაშიც. მიმდინარე წლის თებერვლიდან მოწმდება ქვეყნის ყველა მოქალაქე იმის მიუხედავად, აქვს თუ არა დაავადების ნიშნები. ამ დროისთვის ტესტირება უკვე 21 ათას ადამიანს ჩაუტარდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 6 პროცენტზე მეტია. კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იქ 1300-ს აჭარბებს, გარდაცვლილია 4 მოქალაქე. საინტერესოა ის გარემოება, რომ დაავადებულთა თითქმის ნახევარს COVID-19-ის სიპტომები არ აღენიშნება.

რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირებულია 131 მოქალაქე, მათგან 26 უკვე გამოჯანმრთელდა. COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, საყოველთაო კარანტინი კი 31 მარტს შევიდა ძალაში. ამოქმედდა კომენდანტის საათიც, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება აეკრძალა.

კომენტარები

ბოლო ამბები