Thumbnail

ეკვადორის ყველაზე მაღალი ჩანჩქერი მოულოდნელად გაქრა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ეკვადორში ანდების მთათა სისტემასა და ამაზონის დაბლობს შორის მდებარე სან რაფაელის 150-მეტრიანი ჩანჩქერი მოულოდნელად გაუჩინარდა. ამ სამხრეთამერიკული ქვეყნის ტურიზმის სამინისტროს განცხადებით, წყლის დინება იქ მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში შეწყდა და კაიამბე კოკას ეროვნული პარკის მთავარი ღირსშესანიშნაობა პირვანდელ სახეს აღარასდროს დაიბრუნებს.

2100 წლისთვის ქვიშიანი სანაპიროების დიდი ნაწილის გაქრობაა მოსალოდნელი

ვარაუდობენ, რომ ეკვადორის ყველაზე მაღალი ჩანჩქერის გაქრობის მიზეზი მეწყრის ჩამოწოლის შედეგად წარმოქმნილი დახშული ღრმულია, რომელმაც წყალი მიწაყრილის ქვემოთ მოაქცია და დინების მიმართულება შეცვალა. შედეგად ჩანჩქერი სამ ნაკადად გაიყო, რომელთაგან თითოეული ნაკლებად ციცაბო ფერდობისკენ დაეშვა. მკვლევართა აზრით, დინებამ, შესაძლოა, დროთა განმავლობაში კალაპოტის ეროზია გამოიწვიოს და ხეობის ტოპოგრაფიული აგებულება მნიშვნელოვნად გარდაქმნას.

2014 წლის 4 აგვისტოსა და 2020 წლის 13 მარტს გადაღებული თანამგზავრული ფოტოსურათები, რომლებზეც სან რაფაელის ჩანჩქერის ადრინდელი და ახლანდელი მდგომარებაა ასახული. ფოტო: Lauren Dauphin

ეკვადორის ამ რეგიონში მეწყრის გამომწვევი ფაქტორების შესახებ ორგვარი მოსაზრება არსებობს, თუმცა რეალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ აღნიშნული მოვლენა გასაკვირი არაა, რადგან ჩანჩქერი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს, სადაც ორი ვულკანი - კაიამბე და რევენტადორია განლაგებული. სხვები კი მომხდარს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აბრალებენ. კაშხალს მდინარის გაფილტრული წყალი ესაჭიროება, რათა მისი აღჭურვილობა არ დაზიანდეს. ნალექების დაკლებობა კი სანაპირო ზოლისა და კალაპოტის ეროზიას იწვევს.

როგორი იქნებოდა დედამიწა, ოკეანეები რომ დაგვეშრო

კაიამბე კოკას ეროვნული პარკი თვალწარმტაცი ლანდშაფტით, ფლორითა და ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. ეკვადორის ყველაზე მაღალი ჩანჩქერის სანახავად იქ ყოველწლიურად ათობით ათასი ვიზიტორი იყრიდა თავს, თუმცა მას შემდეგ, რაც წყლის ნაკადმა საგრძნობლად იკლო, ყველაფერი შეიცვალა და ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაც ისტორიას ჩაბარდა.

კომენტარები

ბოლო ამბები