Thumbnail

Zoom-ის მომხმარებლები, შესაძლოა, ჰაკერების მსხვერპლი გახდნენ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი
  • Zoom ონლაინ პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს ვიდეოკონფერენციებსა და შეხვედრებში დისტანციურად მონაწილეობის საშუალებას აძლევს.

ამერიკული კომპანიის Zoom Video Communications მიერ შექმნილ ონლაინ საკომუნიკაციო პლატფორმაში მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული ხარვეზები გამოვლინდა.

აღმოჩენილი პრობლემების შესახებ კომპანიას კიბერუსაფრთხოების სპეციალისტმა, პატრიკ ვარდლმა შეატყობინა. მისი თქმით, პროგრამული ხარვეზები ჰაკერებს მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებზე წვდომის, მათ კომპიუტერში შეღწევისა და მიმდინარე საუბრებში ჩარევის შესაძლებლობასაც კი აძლევს. აღსანიშნავია, რომ ეს ეხება როგორც Windows-ის სისტემაზე მომუშავე პერსონალური კომპიუტერების, ასევე Apple-ის პროდუქციის მფლობელებს.

ონლაინ პლატფორმა Zoom მომხმარებლებს ვიდეოკონფერენციებსა და შეხვედრებში დისტანციურად მონაწილეობის საშუალებას აძლევს.

დაფიქსირდა ჰაკერული შეტევის რამდენიმე შემთხვევაც. კალიფორნიის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და სასწავლო დაწესებულების პერსონალს Zoom-ში ანტისემიტური და ნაცისტური სიმბოლიკის შემცველი გამოსახულებები გაუგზავნეს, კიდევ ერთი ონლაინ კონფერენციის მონაწილეებს კი პორნოგრაფიული მასალები.

მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასარიდებლად ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის კომპანიამ SpaceX საკუთარ თანამშრომლებს საქმიანი კომუნიკაციისთვის Zoom-ით სარგებლობა აუკრძალა.

"გვესმის, რომ კონფერენციებისა თუ ონლაინ შეხვედრებისთვის ამ პროგრამით ბევრი ჩვენგანი სარგებლობდა. გთხოვთ, კომუნიკაციის ალტერნატიული საშუალებების სახით გამოიყენოთ ელექტრონული ფოსტა, ტექსტური შეტყობინებები ან მობილური კავშირი", - ვკითხულობთ კომპანიის მიერ პერსონალისთვის გაგზავნილ წერილში.

კომპანიამ Zoom Video Communications გავრცელებულ განცხადებაში პლატფორმის მომხმარებლებს მოუბოდიშა და აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად 90-დღიანი გეგმა წარმოადგინა.

ონლაინ ვიდეოკონფერენციების პლატფორმა Zoom კორონავირუსის პანდემიის დროს მზარდი პოპულარობით სარგებლობს. არაერთი სამსახურის დისტანციურ მუშაობაზე გადასვლისა და კარანტინში მყოფი ადამიანების რიცხვის ზრდასთან ერთად, 2020 წლის დასაწყისიდან მარტის შუა რიცხვებამდე, პროგრამის მომხმარებლების რაოდენობამ 67 პროცენტით მოიმატა.

კომენტარები

ბოლო ამბები