Thumbnail

ნიუ იორკის ზოოპარკში ვეფხვს კორონავირუსი დაუდასტურდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ქალაქ ნიუ იორკში მდებარე ბრონქსის ზოოპარკში მობინადრე მალაიურ ვეფხვს კორონავირუსი აღმოაჩნდა. დიაგნოზი აშშ-ის სახელმწიფო ვეტერინარულ ლაბორატორიაში დაადასტურეს. ეს ქვეყანაში ცხოველის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევაა. აქამდე მსგავსი რამ მხოლოდ ჰონგ კონგსა და ბელგიაში დაფიქსირდა.

► ბრიტანეთში ზოოპარკის 4 თანამშრომელი კარანტინს ცხოველებთან ერთად გაატარებს

ოთხი წლის ძუ ვეფხვს, სახელად ნადიას, მშრალი ხველა და COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები მარტის დასასრულს გამოუვლინდა. ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი მას ზოოპარკის ერთ-ერთი თანამშრომლისგან გადაედო, რომელსაც ცხოველთან კონტაქტის დროს დაავადების სიმპტომები არ აღენიშნებოდა.

ბრონქსის ზოოპარკის ბინადარი ძუ ვეფხვი ნადია აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი ცხოველია. ფოტო: Bronx Zoo

ბრონქსის ზოოპარკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადების სიმპტომები დაწესებულების კიდევ ექვს ბინადარს აღენიშნება. მათ შორისაა ნადიას და - აზული, ორი ციმბირული ვეფხვი და სამი აფრიკული ლომი. კატისებრთა ოჯახის ეს წარმომადგენლები ვეტერინარების მუდმივი დაკვირვების ქვეშ არიან. ექიმები უახლოეს მომავალში ცხოველების გამოჯანმრთელებას პროგნოზირებენ.

"უმადობის მიუხედავად, ბრონქსის ზოოპარკში მობინადრე კატები თავს მხნედ გრძნობენ. ისინი ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და მომვლელებთანაც ურთიერთობენ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის 8 დეკემბერს გავრცელდა. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ხუბეის პროვინციაში ჯერ კიდევ 17 ნოემბერს აღინიშნა. დაავადების ადრეული სიმპტომები სიცხე, მშრალი ხველება და გართულებული სუნთქვაა. საინკუბაციო პერიოდი კი 2-დან 14 დღემდეა, რაც ვირუსთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს.

COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა მსოფლიოში 1 მილიონს გადააჭარბა. ჩინეთში 80 ათასზე მეტი ადამიანის ინფიცირების შემდეგ, ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება აღინიშნება. ქვეყანამ ხუბეის პროვინციის დიდ ნაწილში კარანტინის გაუქმების შესახებ გამოაცხადა. მოცემული დროისთვის პანდემიის მთავარი კერა ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელიც ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ევროპაში კი დაავადებულთა და გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რიცხვი იტალიასა და ესპანეთშია.

კომენტარები

ბოლო ამბები