Thumbnail

COVID-19-ის კიდევ ერთი ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Inovio Pharmaceuticals კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო. ფილადელფიაში მდებარე პენსილვანიის სამედიცინო უნივერსიტეტსა და კანზას სითის ფარმაცევტული კვლევების ცენტრში ტესტირებაში მონაწილეობას 40 მოხალისე მიიღებს.

► ფოტოგალერეა: კორონავირუსის პანდემიის გამო დაცარიელებული ქალაქები

დნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინა INO-4800 ცხოველებზე უკვე გამოსცადეს. მას შემდეგ, რაც პრეპარატმა დადებითი შედეგი აჩვენა, მისი ადამიანებზე ტესტირება გადაწყდა. შერჩეული ჯანმრთელი, ზრდასრული მოხალისეები ოთხკვირიანი შუალედით ვაქცინის ორ დოზას მიიღებენ. პირველადი შედეგები კი მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს გახდება ცნობილი.

პენსილვანიის სამედიცინო უნივერსიტეტში პირველი მოხალისეების ასაცრელად ემზადებიან. ფოტო: Monica Herndon

Inovio-ს მიერ შექმნილი ვაქცინა მცირე ზომის გენეტიკური მოლეკულების, პლაზმიდებისგან შედგება, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას ვირუსთან ბრძოლისთვის საჭირო ანტისხეულების გამომუშავებას უწყობენ ხელს. კვლევის პირველი და მეორე ეტაპებისთვის საჭირო პრეპარატის ათასობით დოზა კომპანიამ უკვე დაამზადა, წლის ბოლომდე კი ამ რაოდენობის მილიონამდე გაზრდა იგეგმება.

Inovio Pharmaceuticals-ს წინა წლებში ზიკას ვირუსის, ებოლასა და კორონავირუსით გამოწვეული შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის საწინააღმდეგო ვაქცინები აქვს შექმნილი. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, სასურველი იმუნური რეაქცია ცდაში მონაწილეთა 95 პროცენტს გამოუვლინდა, ამიტომ ვარაუდობენ, რომ იმავე ტექნიკით შექმნილი ახალი პრეპარატიც ეფექტური იქნება და COVID-19-ისგან თავდაცვაში დაგვეხმარება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული კვლევის ფარგლებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანებზე პირველად კომპანიამ Moderna გამოსცადა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის 8 დეკემბერს გავრცელდა. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ხუბეის პროვინციაში ჯერ კიდევ 17 ნოემბერს აღინიშნა. დაავადების ადრეული სიმპტომები სიცხე, მშრალი ხველება და გართულებული სუნთქვაა. საინკუბაციო პერიოდი კი 2-დან 14 დღემდეა, რაც ვირუსთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს.

COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა მსოფლიოში 1.4 მილიონს გადააჭარბა. ჩინეთში 81 ათასზე მეტი ადამიანის ინფიცირების შემდეგ, ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება აღინიშნება. ქვეყანამ ხუბეის პროვინციასა და ქალაქ უხანში კარანტინი გააუქმა. მოცემული დროისთვის პანდემიის მთავარი კერა ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელიც ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ევროპაში კი დაავადებულთა და გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რიცხვი იტალაიში, ესპანეთსა და საფრანგეთშია.

კომენტარები

ბოლო ამბები