Thumbnail

ჩინეთში შესაძლოა, ძაღლის ხორცით ვაჭრობა აიკრძალოს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩინეთმა ძაღლი ადამიანის კომპანიონად გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ შესაძლოა, ამ შინაური ცხოველის ხორცით ვაჭრობა აიკრძალოს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა.

"კაცობრიობის განვითარებასა და ცხოველთა დაცვის საკითხების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის ზრდასთან ერთად, ძაღლები ტრადიციული პირუტყვიდან ადამიანის კომპანიონებად გადაიქცნენ. მსოფლიოში მათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე შინაურ ცხოველებად არ მოიაზრებენ და ჩინეთმაც ისინი ასეთად არ უნდა განიხილოს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებასთან ერთად გამოქვეყნდა შინაური ცხოველებისა და ფრინველების გენეტიკური რესურსების სახელმწიფო კატალოგის პროექტიც, რომელშიც ის სახეობების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა ბეწვით ან ხორცით ვაჭრობა და სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება კანონით ნებადართულია.

ჩინეთის ქალაქ იულინში მდებარე ბაზარი, რომელშიც ძაღლის ხორცი იყიდება. ფოტო: Reuters

კატალოგში 18 სახეობის "ტრადიციული დანიშნულების პირუტყვს" ვხვდებით, რომელთა შორისაა კამეჩი, ღორი, ცხვარი, თხა, ცხენი, ვირი, აქლემი, ბოცვერი, სხვადასხვა შინაური ფრინველი, მტრედი და მწყერი. "განსაკუთრებული დანიშნულების პირუტყვის" სიაში კი 13 ცხოველი შედის - ალპაკა, ხოხობი, გნოლი, სირაქლემა და რამდენიმე სახეობის ირემი, რომლებიც შეიძლება, საკვებად გამოყენების მიზნით მოაშენონ. ასევე მელია, ენოტი და წაულა, რომელთა საკვებად გამოყენება აკრძალულია.

ჩამონათვალი საბოლოო არ არის და მას შეიძლება სხვა ცხოველებიც დაემატოს. დოკუმენტი საერთო-სახალხო განხილვაზეა გამოტანილი, რომელიც 8 მაისს დასრულდება. იმის მიუხედავად, რომ კატალოგში ძაღლები და კატები არასდროს იყვნენ მოხსენიებული, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება სიაში მათი არყოფნის მიზეზს სპეციალურ განცხადებაში ხსნის. იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე დღის წინ შენჟენი პირველი ჩინური ქალაქი გახდა, სადაც ძაღლის ხორცის საკვებად გამოყენება აკრძალეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი ინიციატივა შესაძლოა, ამ სფეროში ქვეყნის პოლიტიკის ცვლილებას მოასწავებდეს.

ჩინეთში ყოველწლიურად 10 მილიონამდე ძაღლს კლავენ. ამ შინაური ცხოველის ხორცს საკვებად ქვეყნის მოსახლეობის 20 პროცენტზე ნაკლები მოიხმარს. 2016 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ჩინეთის მოქალაქეთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ძაღლის ხორცით ვაჭრობა უნდა აიკრძალოს, 70 პროცენტს კი ის არასდროს გაუსინჯავს.

კომენტარები

ბოლო ამბები